Galt & Taggart-ის უძრავი ქონების ბაზრის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, 2025 წელს გაყიდვები 2023-24 წლებთან შედარებით გაიზარდა, თუმცა კვლავ ჩამორჩებოდა 2022 წლის რეკორდულ მაჩვენებელს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, გასულ წელს 42,388 ბინა გაიყიდა, რაც 2024 წელთან შედარებით 4.3% ზრდაა.

  • •მეორად ბაზარზე გაყიდვები დეკემბერში წლიურად 12.3%-ით გაიზარდა (+3.5% წ/წ 2025 წელს).
  • •პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, დეკემბერში წლიურად 5.4%-ით გაიზარდა (+5.2% წ/წ 2025 წელს).

Galt & Taggart-ის მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით, რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს, 2025 წლის დეკემბერში გაყიდვები წლიურად გაორმაგდა. მიმოხილვის ავტორები განმარტავენ, რომ ამის მიზეზი 2024 წლის დეკემბერში დაბალი ბაზის ეფექტი იყო, როცა ქვეყანაში შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა დაიწყო.

მიმოხილვის მიხედვით, ჯამურად, 2025 წელს პირველად ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 27.3%-ით გაიზარდა.

„2025 წლის სუსტმა დასაწყისმა ბაზარზე ნეგატიური მოლოდინები გააჩინა, თუმცა თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრისთვის წელი მოთხოვნის აღდგენითა და ფასის დასტაბილურებით დასრულდა. მიუხედავად ამისა, ბაზარზე ჭარბი მიწოდების რისკები კვლავ შენარჩუნდა. წლის დასაწყისში, ქვეყანაში არსებულმა შიდა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ მყიდველთა ნაწილს შესყიდვის გადავადებისკენ უბიძგა, რამაც მოთხოვნა მნიშვნელოვნად შეასუსტა, თუმცა ამ პერიოდში დაგროვილი მოთხოვნა წლის მეორე ნახევარში რეალიზდა. შედეგად, გაყიდვები 2025 წელს 2023-24 წლებთან შედარებით გაიზარდა, თუმცა კვლავ ჩამორჩებოდა 2022 წლის რეკორდულ მაჩვენებელს. მიწოდების მხარეს დაფიქსირებული მცირედი კლების მიუხედავად, გაცემული ნებართვების მოცულობა კვლავ მნიშვნელოვნად აჭარბებს 2015-22 წლების ნიშნულს“, - ნათქვამია მიმოხილვაში და აღნიშნულია, რომ 2025 წელს, გაზრდილმა კონკურენციამ ფასის ზრდის ტემპის შენელება გამოიწვია და დეველოპერებს შიდა განვადების სქემების მაქსიმალურად დახვეწისკენ უბიძგა.

bm.ge