ევროპულმა ქვეყნებმა იმ მსოფლიო რეიტინგის პირველი ოცეულის თითქმის ყველა ადგილი დაიკავეს, რომელიც გარემოს მდგომარეობასა და მის დასაცავად გადადგმული ნაბიჯების ეფექტიანობას აფასებს.

ევროპის ძლიერი პოზიცია ძირითადად განახლებადი ენერგიის განვითარებას, ჰაერის დაბინძურების შემცირებასა და პლასტიკის ნარჩენების წინააღმდეგ მიღებულ ზომებს უკავშირდება.

გაროსდაცვითი ეფექტიანობის საერთაშორისო რეიტინგს ორ წელიწადში ერთხელ აშშ-ის იელისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების მკვლევრები ადგენენ. კვლევა აჩვენებს, რამდენად წარმატებით იცავენ ქვეყნები ბუნებას, ამცირებენ ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურებას და ებრძვიან კლიმატის ცვლილებას.

177 ქვეყანას შორის პირველი ადგილი ესტონეთმა დაიკავა. მკვლევრებმა განსაკუთრებით მაღალი შეფასება მისცეს ქვეყანაში სათბურის აირების ემისიების მნიშვნელოვან შემცირებას.

მეორე ადგილზე ლუქსემბურგი გავიდა, მესამე პოზიცია კი დიდმა ბრიტანეთმა დაიკავა.

პირველ ოცეულში ასევე მოხვდნენ ფინეთი, ნიდერლანდები, გერმანია, საფრანგეთი, ნორვეგია, შვედეთი, ავსტრია, დანია, ესპანეთი, საბერძნეთი, სლოვენია, შვეიცარია, იაპონია, ჩეხეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი და ირლანდია.

რეიტინგის ბოლო ადგილებზე ლაოსი, ინდოეთი და ბანგლადეში განთავსდნენ. რუსეთმა 177 ქვეყანას შორის 89-ე ადგილი დაიკავა.

კვლევის ავტორებმა ქვეყნები 47 მაჩვენებლის მიხედვით შეადარეს. შეფასებისას გათვალისწინებული იყო სათბურის აირების ემისიები, ჰაერისა და წყლის ხარისხი, ტყეების მდგომარეობა და ისიც, რამდენად მდგრადად იყენებენ ქვეყნები თევზის რესურსებსა და სასოფლო-სამეურნეო მიწებს.

კვლევის წამყვანი ავტორის, ზაკ უენდლინგის განცხადებით, 2050 წლისთვის კლიმატური ნეიტრალობის მისაღწევად ქვეყნებს ემისიების შემცირება კვლავ მოუწევთ. მისი თქმით, ამისთვის უახლოეს წლებში დამატებითი ზომების მიღება იქნება საჭირო.

გარემოსდაცვითი პოლიტიკის ყველაზე ეფექტიანი ქვეყნების ოცეული

  • ესტონეთი

  • ლუქსემბურგი

  • დიდი ბრიტანეთი

  • ფინეთი

  • ნიდერლანდები

  • გერმანია

  • საფრანგეთი

  • ნორვეგია

  • შვედეთი

  • ავსტრია

  • დანია

  • ესპანეთი

  • საბერძნეთი

  • სლოვენია

  • შვეიცარია

  • იაპონია

  • ჩეხეთი

  • პორტუგალია

  • სლოვაკეთი

  • ირლანდია

https://euro-pulse.ru/news/evropa-vozglavila-mirovoj-rejting-stran-s-samoj-effektivnoj-ekologicheskoj-politikoj/