"ევროკომისიის $140-მილიონიანი ჯარიმა თავდასხმაა არა მხოლოდ X-ზე, არამედ ყველა ამერიკულ ტექპლატფორმასა და ამერიკელ ხალხზე უცხოური მთავრობების მხრიდან. ონლაინ სივრცეში ამერიკელების ცენზურის დღეები დასრულდა."- წერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო X-ზე.
ევროკომისიამ X-ის წინააღმდეგ გამოძიება ევროკავშირის შიგნით მოქმედი წესების შესაძლო დარღვევების გამოსავლენად 2023 წლის დეკემბერში დაიწყო. სოციალური ქსელი ეჭვმიტანილია უკანონო კონტენტისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის წესების, ასევე გამჭვირვალობის ვალდებულებების დარღვევაში და მომხმარებელთა შეცდომაში შესაძლო შეყვანაში, რაც დაკავშირებულია ვერიფიკაციის ნიშნებთან. „ციფრული მომსახურების აქტი“, რომელიც ევროკავშირში 2022 წლის ნოემბერში ამოქმედდა, მსხვილი ონლაინპლატფორმების მუშაობას არეგულირებს. წესები ეხება უკანონო კონტენტს, გამჭვირვალობას, დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე პერსონალური მონაცემების დაცვას. კანონმდებლობის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა კომპანიის გლობალური ბრუნვის 6%-მდე ოდენობით.