ევროკავშირს, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის კავშირების განმტკიცება ჩვენს საერთო სტრატეგიულ ინტერესებში შედის და მზად ვართ, განვიხილოთ აზერბაიჯანთან უფრო სტრუქტურირებული პარტნიორობა, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, კაია კალასმა აზერბაიჯანში ვიზიტის დროს განაცხადა.
„აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესში პროგრესი ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს და მნიშვნელოვანია ამ იმპულსის შენარჩუნება. ევროკავშირს ამის მხარდასაჭერად მრავალი ინსტრუმენტი აქვს, ნდობის აღდგენის ღონისძიებებიდან დაწყებული ნაღმების წინააღმდეგ მოქმედებით დამთავრებული, რომელშიც ჩვენ ისედაც ყველაზე დიდი დონორი ვართ“, – აღნიშნა კაია კალასმა.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს სურს ევროკავშირთან პარტნიორობის შემდგომი გაძლიერება პრაქტიკული და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის გზით.
კაია კალასთან შეხვედრას ბაირამოვმა პროდუქტიული უწოდა.