ევროკომისია განიხილავს გზებს, როგორ შეიძლება უკრაინის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება რუსეთთან შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, თუმცა ისე, რომ კიევს სრულფასოვანი წევრობის უფლებები დაუყოვნებლივ არ მიენიჭოს,- ამის შესახებ გამოცემა Reuters-ი ევროკავშირის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს

წყაროს ინფორმაციით, იდეა, რომელიც ჯერ ძალიან ადრეულ ეტაპზეა, განიხილება როგორც "კეთილგანწყობისა და მხარდაჭერის ჟესტი" უკრაინელების მიმართ, რომლებიც ევროკავშირის წევრობას ომის შემდეგ უსაფრთხოების გარანტიად აღიქვამენ.

ოთხწლიანი ბრძოლის შემდეგ რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ, მათ სურთ სარწმუნო დაპირება, რომ ქვეყანა ეკონომიკური სტაბილურობისა და დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე დგას.

დიპლომატების თქმით, 2027 წელს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შეტანილი იყო 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაში, რომელსაც აშშ, უკრაინა და ევროკავშირი განიხილავდნენ, როგორც ომის დასრულების შემდეგ უკრაინის ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფის ერთ-ერთ ზომას.

თუმცა ევროკავშირში ზოგიერთი ქვეყანა მიიჩნევს, რომ ეს თარიღი - ან საერთოდ ნებისმიერი ფიქსირებული თარიღი, არარეალისტურია, რადგან ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია და ნებისმიერი კანდიდატი წინ მიიწევს მხოლოდ მაშინ, როცა ქვეყანა პროგრესს აჩვენებს საკუთარი კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მხრივ.

ევროკავშირის ოფიციალური პირების მიერ წამოყენებული იდეა ტრადიციული პროცესის შებრუნებას გულისხმობს, თუმცა შეზღუდული წევრობაც კი კვლავ მოითხოვს ევროკავშირის მთავრობებისა და ეროვნული პარლამენტების თანხმობას.

„უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს სრულიად განსხვავებულ რეალობაში ვცხოვრობთ, ვიდრე მაშინ, როცა (გაწევრიანების) წესები პირველად ჩამოყალიბდა,“ -განაცხადა ერთმა ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა.

მისივე თქმით, უკრაინა და შესაძლოა სხვა კანდიდატი ქვეყნებიც, ევროკავშირს სწრაფად შეუერთდებიან და შემდეგ ეტაპობრივად მიიღებენ ხმის მიცემის უფლებებს, იმის მიხედვით, თუ რა პროგრესს მიაღწევენ სრულფასოვანი წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილებაში.