„მარტო ცალკე აღებული რეგულაცია გამოწვევებს ვერ მოაგვარებს“ - ასე ეხმაურება ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილი რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ კომერციული ვენახის გაშენების შესახებ ახალ რეგულაციას.

შეგახსენებთ, 2026 წლის 1-ელი მარტიდან კომერციული ვენახის გაშენებაზე ნებართვის აღება იქნება სავალდებულო. კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, თუ აქამდე სამეწარმეო ვენახის გაშენებისთვის მხოლოდ ნებადართული ვაზის ჯიშების გამოყენება იყოს საკმარისი, კანონის ამოქმედების შემდეგ, საჭირო იქნება ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობაც.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, ვენახების გაშენება არ უნდა იყოს სპონტანური. მისივე თქმით, მომავალი წლის რთველზე გაჩნდება ახალი ფასი - ყურძენი, რომელიც იქნება 17%-ზე დაბალი შაქრიანობის, ჩაბარდება გაცილებით იაფად.

„რეგულაციის დეტალებს ჩვენ გავიგებთ 1-ელი მარტიდან, როდესაც სააგენტო შეიმუშავებს იმ წესს, რამაც უნდა დაარეგულიროს ახალი კომერციული ბაღების გაშენების წესი. ამის მერე გავიგებთ, რაზეა საუბარი, რა ჩაიდება, რა მოთხოვნები იქნება ფერმერებისთვის, მევენახეებისთვის, როდესაც ისინი გადაწყვეტენ, რომ დამატებითი ვენახი გააშენონ. მანამდე ძალიან რთულია რამის პროგნოზირება.

მინდა ხაზი გავუსვა იმ ძირითად გამოწვევას, რის წინაშეც ქართული მევენახეობა და მეღვინეობა დღეს დგას. ეს არის ჭარბწარმოება, განსაკუთრებით რეგიონებსა და ჯიშებში“, - აღნიშნა რატი კოჭლამაზაშვილმა.

მაგალითად კი მან ევროკავშირი მოიყვანა, რომელმაც მსგავსი მოდელი 40 წლის წინ გააუქმა, როდესაც იგივე პრობლემას შეხვდა.

„დაახლოებით 20 წელია, რაც ქვეყანაში არსებობს ყურძნის საფასო სუბსიდირება, კილოგრამზე ხდება გარკვეული ფასის გადახდა. ეს დაიწყო მაშინ, როცა რუსეთის ემბარგო დაწესდა ქართული ღვინისთვის. დღეს ეს მოდელი გრძელდება და ამან გამოიწვია ის, რომ დარგში იწარმოება ძალიან ბევრი ყურძენი და ხდება მისი დასუბსიდირება. ეს თანხა მუდმივად იზრდება - გასულ წელს დაახლოებით 220 მილიონი დახარჯა სახელმწიფომ სუბსიდირებაში.

ახლა კი კანონმდებლებმა უნდა გვითხრან, რა არის ამ რეგულაციის ძირითადი მიზანი, ამაზე საუბარი ახლა რთულია, მაგრამ ჩვენთვის ეს არის ერთიანი სისტემის ნაწილი. მარტო ცალკე აღებული რეგულაცია იმ გამოწვევებს ვერ მოაგვარებს, რის წინაშეც დარგი დგას. გამოწვევები ბევრია, მაგრამ დღესდღეობით ჭარბწარმოება არის ყველაზე დიდი გამოწვევა. მინდა გავიხსენო ევროკავშირის მაგალითი, სადაც არსებობდა მსგავსი სუბსიდირების მოდელი. მოგეხსენებათ, სუბსიდირების სხვადასხვა მოდელი არსებობს, ჩვენ ვსაუბრობთ საფასო სუბსიდირებაზე. ამ მოდელიდან ევროკავშირი გამოვიდა დაახლოებით 40 წლის წინ, რადგან სწორედ იგივე პრობლემის წინაშე დადგა. ეს იყო ე.წ. „ღვინის ტბები“, ასე ეძახდნენ ჭარბწარმოებას, რაც საფასო სუბსიდირებამ გამოიწვია. ასეთი გამოცდილების გადმოღება საინტერესოა, რადგან მსოფლიოს განვითარებულმა ქვეყნებმა უკვე გაიარეს გარკვეული საფასურები და მიხვდნენ, რა არის უკეთესი მიდგომა ამ მიმართულებით.

დღეს უკვე ევროპაში, ამერიკაში გვხვდება მიდგომები, რომლებიც აქცენტს აკეთებს ჰექტარზე და სუბსიდია ჰექტრის მიხედვით გაიცემა და არა მოყვანილი პროდუქციის რაოდენობაში.

ეს რეგულაცია, რაზეც სახელმწიფო საუბრობს, შეიძლება კარგიც იყოს, განვითარებულ ქვეყნებში არის გარკვეული რეგულაციები, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მას თან სდევდეს ან წინ უსწრებდეს ის ნაბიჯები, რაც მნიშვნელოვანია, რომ მთავარ გამოწვევებს მივხედოთ“, - განაცხადა მან.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ამან ვენახების ფართობების შემცირება და ყურძნის ფასის ზრდა გამოიწვიოს, მისი თქმით, სამომავლოდ, ის ისურვებდა, რომ ვენახები კი არ შემცირდეს, არამედ გაიზარდოს ხარისხი.

„ამ დეტალებზე საუბარი წინასწარ რთულია, დოკუმენტის გამოქვეყნებამდე, რადგან მას ბევრი დისკუსია მოჰყვა, როგორც მევენახე-მეღვინეებში, რომელთა აზრი ორად გაიყო - ნაწილი ეთანხმება, ნაწილი - არ ეთანხმება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დეტალებში შევიდეთ მაშინ, როდესაც დოკუმენტი უკვე დამტკიცდება. მე ვისურვებდი, რომ ვენახები კი არ შემცირდეს, არამედ გაიზარდოს ხარისხი, გაყიდვები და შესაბამისად გაიზარდოს როგორც ყურძნის, ისე ღვინის ფასი. ბევრ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთშიც, ჩვენი ღვინო ძალიან იაფად გადის, 2 დოლარამდეა დაფიქსირებული ერთი ბოთლის ფასი, რაც ძალიან ცოტაა.

მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით გააქტიურდეს სახელმწიფო - ბაზრების დივერსიფიკაცია, მაღალმსყიდველობითუნარიანი ბაზრები, ეს არის ის მთავარი მიმართულება, რომლისკენაც უნდა იყოს მიმართული მთელი ძალისხმევა“, - აღნიშნა რატი კოჭლამაზაშვილმა.

როგორც ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, იმ მეწარმეებისთვის, რომლებიც ჰიბრიდული ჯიშებისგან აწარმოებენ ღვინოს, რომელიც საბოლოოდ ხარისხის არ შეესაბამება, აუცილებელი უნდა გახდეს გარკვეული რეგულაციების დაცვა, რადგან ეს ფაქტი ქართულ ღვინოს სახელს უფუჭებს.

„ამ მიმართულებით ყველაზე კარგი იქნება მომხმარებლიდან წამოსული უკუკავშირი, რასაც აქვს გავლენა და ამან შეიძლება გამოიწვიოს ის რისკი, რაც არის დღეს - შევდივართ უცხოურ ბაზრებზე, მათ იციან ქართული ღვინის ისტორიული წარმოშობის, გემოს, ტრადიციის შესახებ და როცა დააგემოვნებენ, არ ხვდებათ ის, რასაც ელოდებიან. ეს აისახება უკუკავშირში და გასაღებული ღვინის რაოდენობაში, ამიტომ მნიშვნელოვანია, ის საფეხურები, რასაც ღვინო გადის, გაუმჯობესდეს და ამ მიმართულებით გაკეთდეს აქცენტი.

რთულია, უკვე გაშენებულ ვენახებში ჩაერიოს სახელმწიფო, მაგრამ ის საფეხურები, რასაც ღვინო გადის, უნდა დაიხვეწოს. მომხმარებლისგან წამოსული უკუკავშირი კი აიძულებს ასეთ მწარმოებლებს, გადახედონ თავის ვენახებს და აქცენტი გააკეთონ ისეთ ჯიშებზე, რომლებიც უფრო მოთხოვნადია“, - განაცხადა მან.

კითხვაზე, არსებობს თუ არა რაიმე სახის კომუნიკაცია საბოლოო დოკუმენტი შემუშავებამდე სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის, რათა მათი ინტერესებიც იყოს გათვალისწინებული, რატი კოჭლამაზაშვილმა უპასუხა, რომ ეს საერთაშორისო პრაქტიკაა და თავადაც ისურვებდა, რომ ასე იყოს.

„ჩვენთან გაერთიანებულნი არიან როგორ მევენახეები, მეღვინეები, ასევე ბევრი სხვა დარგის წარმომადგენელი და ვფიქრობ, მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია. კარგი იქნებოდა, მსგავსი რეგულაციის მიღებამდე ბევრი მხარის ჩართვა მოხდეს. ვიმედოვნებ მოხდება კიდეც, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გეტყვით, რომ ამ კუთხით რამე წინსვლა გვაქვს“, - განაცხადა რატი კოჭლამაზაშვილმა.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი