ევროპის კავშირი შეშფოთებულია აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო გაუქმებით, რომელიც რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიანი ომის პირობებში დაწესდა. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თქმით, ევროკომისიის მაღალჩინოსნებს დაავალეს გადახედონ ყველა იმ ზომას, რომელიც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიღო ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რათა დადგინდეს, თუ როგორ შეიძლება აისახოს მათი შესაძლო გაუქმება ევროპის კავშირზე.

ბრიუსელი შიშობს, რომ ტრამპმა შესაძლოა უარი თქვას ამ გადაწყვეტილებებზე მხოლოდ იმიტომ, რომ ბაიდენმა მიიღო ისინი და არ იფიქროს იმაზე, თუ რა გავლენა ექნება ასეთი ნაბიჯების ევროპელ მოკავშირეებზე.

ამავდროულად, ამან შესაძლოა საერთაშორისო ურთიერთობები და ვაჭრობა თავდაყირა დააყენოს.

ასევე, ევროკავშირის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ტრამპი შეინარჩუნებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რათა გამოიყენოს ისინი, როგორც პოტენციური ბერკეტი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დროს. როგორც FT აღნიშნავს, ახალი პრეზიდენტისთვის დამახასიათებელია ძველი პრეზიდენტების პერიოდის განკარგულებების გადახედვა. ასე გააკეთა ტრამპმა 2017 წელს, როცა გააუქმა პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ გამოცხადებული „დათბობა“ კუბაში და ასევე მაშინ, როცა გამოვიდა "პარიზის კლიმატის" შეთანხმებიდან. ერთი წლის შემდეგ იგი გამოვიდა ობამას ადმინისტრაციის დროს დადებული ირანის ბირთვული შეთანხმებიდან.

gbc.ge