ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებაზე შეთანხმდნენ. ახალი შეზღუდვები 145 სუბიექტსა და ფიზიკურ პირს შეეხება, რომლებიც რუსეთის ფინანსურ სისტემასთან, ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტთან“ და დეზინფორმაციულ კამპანიებთან არიან დაკავშირებული. ამის შესახებ Reuters-ი ევროკავშირის დიპლომატებზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს ინფორმაციით, სანქციების ძირითადი ნაწილის ფარგლებში სიაში 113 სუბიექტისა და ფიზიკური პირის დამატება იგეგმება. მათ შორისაა 50 რუსული ბანკი, რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ საქმიანობის ხელშემწყობი სტრუქტურები, ენერგეტიკული კომპანიები და რუსი ბიზნესლიდერები.
კიდევ 31 სუბიექტი და ფიზიკური პირი სანქციების სიაში უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჰიბრიდული საქმიანობის გამო მოხვდება. ამასთან, ერთი სუბიექტი დაემატება კიბერშეტევებთან დაკავშირებულ ცალკე სანქციურ სიას.
Reuters-ის ცნობით, ჰიბრიდულ საქმიანობასთან დაკავშირებული ახალი შეზღუდვები, ერთ-ერთი დიპლომატიური წყაროს განმარტებით, გერმანიაში, ლაიფციგ/ჰალეს აეროპორტზე დრონით თავდასხმის მცდელობას უკავშირდება, რომელშიც ბერლინი მოსკოვს ადანაშაულებს. რუსეთი უარყოფს ჰიბრიდულ ომში მონაწილეობას და ნატოს ქვეყნებში დივერსიული ოპერაციების ორგანიზებას.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სანქციების ახალ სიას 16 ნოემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე ოფიციალურად დაამტკიცებენ. შეზღუდვები ძალაში ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ შევა.