ევროკავშირში ავტომობილების უსაფრთხოების ახალი მოთხოვნები ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც ყველა ახალი ავტომობილი უნდა იყოს აღჭურვილი მძღოლის დაღლილობისა და ყურადღების დაკარგვის ამომცნობი სისტემებით. რეგულაცია მიზნად ისახავს ავარიების შემცირებას, რომლებიც საჭესთან ჩაძინებით ან მძღოლის ყურადღების გზიდან გადატანითა გამოწვეული.

ახალი მოთხოვნები შედის ევროკავშირის General Safety Regulation (GSR 2)-ის ფარგლებში და ავტომწარმოებლებს ავალდებულებს ისეთი ტექნოლოგიების დანერგვას, როგორიცაა DDAW (Driver Drowsiness and Attention Warning) და ADDW (Advanced Driver Distraction Warning) სისტემები.

DDAW სისტემა აფასებს მძღოლის დაღლილობის ნიშნებს და საჭიროების შემთხვევაში გამოსცემს გაფრთხილებას. უფრო განვითარებული ADDW სისტემა კი აკვირდება, რამდენად არის მძღოლის ყურადღება მიმართული გზაზე -მაგალითად, ხომ არ იყურება ის დიდი ხნის განმავლობაში სხვა მიმართულებით.

ამისთვის ბევრი ავტომწარმოებელი იყენებს სალონში დამონტაჟებულ კამერებსა და სენსორებს, რომლებიც აანალიზებენ მძღოლის თვალის მოძრაობას, მზერის მიმართულებასა და თავის პოზიციას. თუ სისტემა დააფიქსირებს, რომ მძღოლი კარგავს ყურადღებას ან შესაძლოა ეძინება, ავტომობილი მას ხმოვანი, ვიზუალური ან სხვა ტიპის სიგნალით აფრთხილებს.

აღსანიშნავია, რომ სისტემა არ არის შექმნილი მძღოლის ვიდეოთვალთვალისთვის. ავტომობილის მწარმოებლების განმარტებით, ასეთი ტექნოლოგიები ძირითადად მუშაობს ავტომობილის შიდა სისტემებში და მათი მიზანია რეალურ დროში ყურადღების შეფასება და გაფრთხილების გაცემა. ისინი არ ითვალისწინებენ მძღოლის სახის ვიდეომასალის შექმნას ან მესამე პირებისთვის გადაცემას.

ევროკომისიის განცხადებით, ახალი უსაფრთხოების ზომები ეტაპობრივად ამოქმედდა,ავტომატური დამხმარე სისტემების ფართო გამოყენებამ კი შესაძლოა მომავალ წლებში ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს.