საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინამ უნდა აწარმოოს „რეალისტური დისკუსიები“ ტერიტორიულ საკითხებზე. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის ელჩების ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა.
ამასთან, მაკრონის თქმით, შეერთებულმა შტატებმა უნდა დაარწმუნოს რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომაში, ხოლო ევროპელებმა უნდა შექმნან უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის.
„ამერიკის შეერთებული შტატები უნდა დაგვეხმაროს სიტუაციის ხასიათის შეცვლაში და დაარწმუნოს რუსეთი, მივიდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა განმარტა, არსებულ პირობებში „სწრაფი და მარტივი გადაწყვეტა უკრაინაში არ იქნება“.
„ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა თავად იცის, რომ შეერთებულ შტატებს არავითარი შანსი არ აქვს რაიმე მოიგოს, თუ უკრაინა დამარცხდება“, – განაცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ უკრაინის კაპიტულაცია არ შეიძლება, იყოს კარგი ევროპელებისა და ამერიკელებისთვის.
მაკრონის თქმით, „დასავლეთის ნდობა შეირყევა“, თუ ის დათანხმდება „კომპრომისს“ კონფლიქტით „დაღლილობის“ გამო.