უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, ევროკავშირის მიერ აშშ-თან მიღწეული სავაჭრო შეთანხმება აშშ-დიდი ბრიტანეთის შეთანხმებაზე უარესია.
„ეს შეთანხმება არ არის. დონალდ ტრამპს შეთანხმებისთვის არ მიუღწევია ურსულა ფონ დერ ლაიენთან, დონალდ ტრამპმა ფონ დერ ლაიენი საუზმეზე მიირთვა. აი, რა მოხდა და რას ვვარაუდობდით, რომ მოხდებოდა“, – განაცხადა ორბანმა.
ამასთან, ორბანმა აღნიშნა, რომ „აშშ-ის პრეზიდენტი მაღალი წონითი კატეგორიაა, როდესაც მოლაპარაკებებს ეხება საქმე, ქალბატონი პრეზიდენტი კი – მსუბუქწონიანი“.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოლაპარაკებების შედეგად სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს. ვაშინგტონი ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელს 15%-იან ტარიფს დაუწესებს, მაშინ როდესაც ბრიტანეთთან ის მხოლოდ 10%-ია.