დღეს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონის წილისყრა გაიმართება და გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვევა. ღონისძიება საქართველოს დროით 21:00 საათზე დაიწყება – პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

წინა გათამაშების რეიტინგის გათვალისწინებით, საქართველოს ნაკრები B ლიგის მესამე კალათაში მოხვდა.

ერთა ლიგის B დივიზიონის კალათები:

პირველი კალათა: შოტლანდია, უნგრეთი, ისრაელი, პოლონეთი;

მეორე კალათა: შვეიცარია, უკრაინა, ბოსნია, ავსტრია;

მესამე კალათა: საქართველო, რუმინეთი, ირლანდია, სლოვენია;

მეოთხე კალათა: შვედეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, კოსოვო, ჩრდილოეთ ირლანდია.

ახალი სეზონიდან უეფა-მ სანაკრებო კალენდარში ცვლილებები შეიტანა. შემოდგომაზე სანაკრებო მატჩებისთვის ორი ფანჯარა იქნება გამოყოფილი (განსხვავებით წინა წლებისგან, როცა სამი ფანჯარა იყო სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში). ამჯერად, სექტემბერ-ოქტომბერში, 12 დღის განმავლობაში, გუნდებს ზედიზედ ოთხი მატჩის ჩატარება მოუწევთ, ბოლო ორი ტური კი ნოემბერში ხუთდღიან ინტერვალში ჩატარდება. პლეი ოფები, 2027 წლის მარტის ნაცვლად, ივნისში გაიმართება.

ცვლილებაა რეგლამენტშიც. B ლიგაში ჯგუფის მეორეადგილოსანი მომავალი წლის 25-30 მარტს A ლიგის მესამეადგილოსანთან პლეი ოფში (ორი მატჩი – შინ და სტუმრად) ითამაშებს, წარმატების შემთხვევაში დაწინაურდება A ლიგაში. მესამე ადგილზე გასული ნაკრები კი მარტში C ლიგის მეორეადგილოსანს B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად დაუპირისპირდება.

ჯგუფების გამარჯვებულები, რომლებიც 2028 წლის ევროპის ჩემპიონატზე კლასიკური შესარჩევი ციკლიდან ვერ მოხვდებიან, შანსს პლეი ოფში თამაშით მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ნაკრებები კალათებში ერთა ლიგაზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით გადანაწილდებიან.

ერთა ლიგის თამაშების განრიგი:

I ტური: 24-26 სექტემბერი;

II ტური: 27-29 სექტემბერი;

III ტური: 30 სექტემბერი - 3 ოქტომბერი;

IV ტური: 4-6 ოქტომბერი;

V ტური: 12-14 ნოემბერი

VI ტური: 15-17 ნოემბერი.

წყარო: პირველი არხი