დემოკრატიული ოპოზიციის აკრძალვა ფაქტობრივად ერთპარტიული დიქტატურის დამყარებას გამოიწვევს და ევროპის საბჭოს წევრობასთან შეუთავსებელი იქნება, - ამის შესახებ განცხადებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლები, ედიტე ესტრელა და საბინა ჩუდიჩი ავრცელებენ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლები, ედიტე ესტრელა (პორტუგალია, სოციალისტური პარტია) და საბინა ჩუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ALDE), საქართველოში მმართველი უმრავლესობის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სამი მთავარი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ მიმართვის გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ.

„როგორც ასამბლეამ საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის შესახებ თავის ბოლო რეზოლუციაში ხაზგასმით აღნიშნა, დემოკრატიული ოპოზიციის აკრძალვა ფაქტობრივად ერთპარტიული დიქტატურის დამყარებას გამოიწვევს და ევროპის საბჭოს წევრობასთან შეუთავსებელი იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

თანამომხსენებლები „მმართველ უმრავლესობას მოუწოდებენ, რომ სარჩელს გადახედოს და ქვეყნის სწრაფი დემოკრატიული უკუსვლა შეაჩეროს“.

ასევე, განცხადების თანახმად, თანამომხსენებლები წლის ბოლომდე საქართველოში ფაქტების შემსწავლელი მისიის ფარგლებში ჩამოსვლას გეგმავენ.

ipn.ge