სტარტაპ კომპანია Honeybee-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, რევაზ კვისარიძის ინფორმაციით, თხილეულზე ფასი უპროგნოზოდ გაიზარდა, რადგან ნედლეული ექსპორტზე თურქეთში დიდი რაოდენობით გადის.

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" რევაზ კვისარიძე აღნიშნავს, მოცემულობა, თუ ასე გაგრძელდა პროდუქტის ფასი მაღალ ნიშნულს შეინარჩუნებს.

მისივე თქმით, ბოლო 6 თვის განმავლობაში გაყიდვების რაოდენობა პროგრესირებს, ხოლო კომპანიას თვის განმავლობაში საშუალოდ 400-დან 500-მდე მომხმარებელი ჰყავს.

"პარტნიორთან ერთად თაფლს თავად ვაწარმოებთ, ხოლო დანარჩენ ნედლეულს, რაც ჩირი და თხილეულია ადგილობრივ ბაზარზე, იმერეთში ვიძენთ. თითოეული პროდუქტი საგულდაგულოდ შერჩეულია.  თხილეულზე და ჩირეულზე მოთხოვნა გაზრდილია, თუმცა ფასიც უპროგნოზოდ გაიზარდა. პირობითად, ადრე თუ თხილეულის ფასი 18-19 ლარი იყო, ამჟამად 37-დან 40 ლარამდე მერყეობს. შესაბამისად, ეს ყველაფერი ჩვენი პროდუქციის თვითღირებულებას ურტყამს. ცხადია, აღნიშნულ გამოწვევაზე ინფორმაცია მოვიძიე - თურქეთში თხილეულზე დიდი მოთხოვნაა, რომელსაც ქართული ბაზარი აკმაყოფილებს. ფერმერებს უცხოეთში გაცილებით დიდ თანხას უხდიან, ვიდრე ადგილობრივ ბაზარზე. შესაბამისად, თხილის დაკონსერვება მოხდა და ნედლეული ექსპორტზე დიდი რაოდენობით გადის. მოცემულობა, თუ ასე გაგრძელდა ნედლეულის ფასი მაღალ ნიშნულს შეინარჩუნებს, მანამდე სანამ ადგილობრივი ბაზარი ადეკვატურ ფასს არ დაიჭერს", - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

რევაზ კვისარიძე ჩირეულის შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ ამ შემთხვევაში, ნედლეული მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვს ვერ აკმაყოფილებს.

"ჩირეულის მომწოდებელი ქვეყნები ჩვენთან აზია და თურქეთია, მოწოდება სამწუხაროდ, ბოლომდე მოთხოვნას ვერ უზრუნველყოფს. ხშირია შემთხვევა, როცა ჩირი დეფიციტშია და ყველა შესაძლო, ალტერნატიულ წყაროდან ვცდილობთ მოვიძიოთ, რათა მარაგების შეფერხება არ მოხდეს. ბოლო 6 თვის თვის განმავლობაში, როგორც თხილეულზე, ასევე ჩირეულზე მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა გაიზარდა", - სტარტაპ კომპანიის დამფუძნებელი.

რევაზ კისარიძე თაფლის საკითხსაც მიმოიხილავს და აცხადებს, რომ თვის ჭრილში მინიმუმ 250 კგ-მდე თაფლის რეალიზაცია ხდება.

"ლეჩხუმის მთებში მინიმუმ 20 სკა გვაქვს და 2 სახის თაფლს ვაწარმოებთ (წაბლის და ე.წ. მასის). ამჟამად, პროდუქციას სოციალური ქსელის საშუალებით ვყიდით, თუმცა სამომავლოდ ქსელურ მარკეტებში შესვლაზეც ვმუშაობთ.

ზოგადად, ბოლო 6 თვის განმავლობაში საშუალო მონაცემებს, თუ ავიღებთ პროდუქციის გაყიდვა პროგრესირებს, მაგალითად, ადრე თუ დღეში 2 შეკვეთა გვქონდა, ამჟამად, დღის განმავლობაში 15-დან 20 შეკვეთამდე გვაქვს. პროდუქციის შეფუთვას, რაც შეეხება საბოლოო იერსახეს თავად ვქმნით, ცხადია, აქ სტიკერზე დაპრინტვა არ იგულისხმება.

ასორტიმენტის გაზრდას, რაც შეეხება დღევანდელ ბაზარზე მოგეხსენებათ, მთავარი ამოსავალი წერტილი ჯანსაღი კონკურენციაა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე იდეები ძალიან ბევრი გვაქვს, თუმცა ასორტიმენტის გაზრდის კუთხით რას ვაპირებთ ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს შევიკავებ", - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი.

ცნობისთვის, სტარტაპ კომპანია Honeybee იმერეთში, ქუთაისში მდებარეობს, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე 1 წელია ოპერირებს. კომპანია თაფლს (წაბლის და ე.წ. მასის) თავად აწარმოებს, ხოლო თხილეულსა და ჩირეულს იმერეთში იძენს.

წყარო: ბიზნესპარტნიორი