სირიაში დააკავეს გენერალი, რომელსაც ბაშარ ასადის რეჟიმის პერიოდში ათასობით სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ (SOHR) ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომელიც ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს დიდი ხანია უწევს მონიტორინგს.
გენერალი მუჰამედ ჰასანი, მისი უსაფრთხოების ორ ათეულ წევრთან ერთად, სირიის ახალი ხელისუფლების უსაფრთხოების ძალებმა პროვინცია ტარტუსში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს, რომელიც ასადის მხარდამჭერთა ბასტიონს წარმოადგენს.
„ფრანს პრესის“ თანახმად, გენერალი ჰასანი 2014 წლიდან ასადის რეჟიმის სამხედრო სასამართლო სისტემას ხელმძღვანელობდა და დამასკოს მახლობლად მდებარე საიდნაიას ციხეში მყოფი ათასობით პატიმრისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანაზეა პასუხისმგებელი. ეს დაწესებულება, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში ბაშარ ასადის მამის, ჰაფიზ ასადის მმართველობის დროს აშენდა, წინა რეჟიმის სისასტიკის სიმბოლო იყო და აქ, ძირითადად, პოლიტპატიმრები იყვნენ გამომწყვდეულნი.
„წამების მსხვერპლთა და საიდნაიაში დაკავებულთა ნათესავების ასოციაციის“ (ADMSP) მონაცემებით, 2011 წლიდან ამ ციხეში დაახლოებით 30 000 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან მხოლოდ 6 000 გაათავისუფლეს. ADMSP-ის ცნობით, გენერალმა ჰასანმა დაახლოებით 150 მილიონი დოლარი აიღო პატიმართა ოჯახებისგან, რომლებსაც მათთვის ძვირფასი ადამიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას დაჰპირდა, მაგრამ ეს არ გააკეთა.
ბაშარ ასადი სირიას 2000 წლიდან, მამის 30-წლიანი მმართველობის შემდეგ ხელმძღვანელობდა. მიმდინარე წლის 8 დეკემბერს მისი რეჟიმი დაამხო მეამბოხე ალიანსმა, რომელსაც სუნიტური ჯგუფი „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი“ (HTS) უდგას სათავეში. ამ დაჯგუფებამ კვირაზე ნაკლებ დროში მოახერხა ის, რის გაკეთებასაც ბევრი მეამბოხე ჯგუფი, 2011 წელს დაწყებული სამოქალაქო ომის დროიდან მოყოლებული, ამაოდ ცდილობდა.
დამხობის შემდეგ, ასადი რუსეთში გაიქცა და ახლა ქვეყანას ხელმძღვანელობს გარდამავალი მთავრობა, რომელიც „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამმა“ ჩამოყალიბდა. მართალია, HTS-ს ჯიჰადისტური წარსული აქვს, მაგრამ ახლა პირობას იძლევა, რომ სირიის ყველა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობისთვის თანაბარ უფლებებს უზრუნველყოფს. თავად ასადიც უმცირესობას - ალავიტების სექტას ეკუთვნოდა, რომლის ფესვებიც შიიტური ისლამიდან მოდის. სირიაში უმცირესობას წარმოადგენენ ასევე ქურთები, რომლებმაც სამოქალაქო ომის დროს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში დე-ფაქტო ავტონომია შექმნეს, აგრეთვე ქრისტიანები და დრუზები.
წყარო: 1 არხი