2025 წლის დეკემბერში ჩინური ელექტრომობილების წილმა ევროპის ახალი ავტომობილების ბაზარზე რეკორდულ 9,5%-ს მიაღწია,- ამის შესახებ გამოცემა Bloomberg იუწყება, გერმანული კომპანია Dataforce-ის მონაცემებზე დაყრდნობით.

წყაროს ცნობით, 2025 წლის ბოლო კვარტალში ჩინელმა მწარმოებლებმა პირველად გადაასწრეს კორეულ კონკურენტებს მათი ელექტრომობილების გაყიდვების საერთო მოცულობით.

Dataforce-ის შეფასებებით, ჩინური ავტომობილები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ ევროპის ქვეყნებში - ესპანეთში, იტალიასა და საბერძნეთში.

2025 წელს ჩინური ელექტრომობილების წილმა შესაბამის სეგმენტში 11% შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით ორჯერ მეტია. როგორც სააგენტო აღნიშნავს, ჩინეთის შიდა ბაზრის გაჯერებისა და აშშ-ის მიერ დაწესებული საბაჟო ტარიფების ფონზე, მოსალოდნელია, რომ ჩინელი მწარმოებლები ევროპაში მიწოდებებს მომავალშიც გაზრდიან.