2025 წელს ჩინეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობას იწყებენ, რომელიც ჩინეთსა და ევროპას შორის ახალი მოკლე მარშრუტი გახდება. პროექტი რუსეთის ფედერაციის გვერდის ავლით განხორციელდება. მისი მიზანია გააძლიეროს ცენტრალური აზიის როლი გლობალური მიწოდების ჯაჭვებში და განავითაროს ჩინეთსა და რეგიონის ქვეყნებს შორის სატრანსპორტო კავშირი. 

რკინიგზა ჩინეთის სინძიან-უიღურულ ავტონომიურ რეგიონში მდებარე ქალაქ ქაშგარიდან დაიწყება, ყირგიზეთის ტორუგარტის, მაქმალის, ჯალალ-აბადს გაივლის და უზბეკეთის ანდიჟანში შევა. შემდეგ მაგისტრალი ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნების გზებს დაუკავშირდება, საიდანაც ტვირთი კასპიის ზღვაში, თურქეთსა და ევროპაში გადაიზიდება.

არსებული მოლოდინის მიხედვით, ახალი მარშრუტით ჩინეთსა და ევროპას შორის ტრანსპორტირების დრო დაახლოებით ერთი კვირით შემცირდება. ექსპერტების შეფასებით, ტვირთის გადაზიდვის წლიური მოცულობა 15 მლნ ტონას მიაღწევს. მარშრუტი ხელს შეუწყობს ყირგიზეთიდან ქვანახშირის იმპორტის მნიშვნელოვან ზრდას, ხოლო ტრანსპორტირების ხარჯები მესამედით შემცირდება. ახალი სარკინიგზო გზით შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ ტრანსპორტირების დროის შემცირება, არამედ გადაზიდვების რაოდენობის შემცირებაც, რაც მალფუჭებადი საქონლის ექსპორტს წაახალისებს. ახალი გზა ცენტრალური აზიის ქვეყნებს ჩინეთის სარკინიგზო ქსელზე სახმელეთო წვდომას მისცემს.

ჩინეთსა და ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას შორის ვაჭრობამ 2023 წელს 89,4 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 27%-ით მეტია.