ჩეხეთის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლებმა მედიასთან საუბარში დაადასტურეს, რომ ქვეყანაში 2024 წელს გამართული ვიზიტის დროს ჩინეთის საელჩო ტაივანის ვიცეპრეზიდენტზე, შიაო ბი-ქიმზე თავდასხმას გეგმავდა. როგორც დაზვერვაში ამბობენ, მიზანი პოლიტიკოსის დაშინება იყო და იგეგმებოდა მისი კოლონისთვის მანქანის შეჯახება.

შიაო ბი-ქიმი ცნობას გამოეხმაურა და თქვა, რომ მას არ ეშინია და ტაივანის ინტერესებისთვის მუშაობას არ შეწყვეტს. ის ჩეხეთის რესპუბლიკას 2024 წლის მარტში ესტუმრა.

ინფორმაცია თავდასხმის მცდელობის შესახებ გასულ დღეებში დაზვერვის წარმოამდგენლებმა ჩეხურ მედიასთან საუბარში დაადასტურეს. მათი თქმით, იგეგმებოდა დიდი ესკალაციური გეგმა პრაღაში მომუშავე ჩინელი დიპლომატებისა და დაზვერვის თანამშრომლების მიერ. ეს გეგმა მოიცავდა მანქანების შეჯახებასაც.

ჩეხეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, პეტერ ბარტოვსკიმ ჩეხურ მედია Irozhlas-ს უთხრა, რომ პოლიციამ გააჩერა მძღოლი, რომელიც შიაოს მხოლოდ მანქანით მიჰყვებოდა, თუმცა გაარკვიეს, რომ იგეგმებოდა "ქალბატონი შიაოს დემონსტრაციული დაშინება".

ამავე უწყების სპიკერმა, იან პეიშეკმა თქვა, რომ გეგმა მოიცავდა ჩინეთის სპეცსამსახურების მიერ "დემონსტრაციული კინეტიკური ქმედების გამოწვევას დაცული პირის წინააღმდეგ", თუმცა ეს ყველაფერი დაგეგმვას ვერ გაცდა. ჩეხეთის სადაზვერვო სამსახურმა დაადგინა, რომ დაცულ პირში შიაო იგულისხმებოდა.

პეიშეკის თქმით, "საფრთხის შემქმნელი" ქმედებები უნდა ჩაედინათ მათ შორის იმ პირებს, ვისაც ადგილობრივ საელჩოში დიპლომატიური პოზიციები ეკავათ. დაზვერვის სპიკერმა ამ ფაქტს დიპლომატიური ურთიერთობების ვენის კონვენციის დარღვევა უწოდა.

ჩეხეთს, სხვა მრავალი ქვეყნის მსგავსად, ტაივანთან ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა არ გააჩნია, თუმცა აწარმოებს არაოფიციალურ კონტაქტებს. ტაივანურ კომპანიებს ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები გააჩნიათ.

წყარო: tabula.ge