აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი ყოფილი ბიზნესმენების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაპატიმრებას ეხმიანება და მათ მხარდაჭერას უცხადებს.
„ეს არის ხალხი, ვინც შექმნა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესჯგუფი საქართველოში, რომელიც წარმატებით საქმიანობს ქვეყნის ფარგლებს გარეთაც“, — განაცხადა ლალაზაშვილმა bm.ge-სთან საუბრისას.
მისი თქმით, იმ ადამიანების დაკავება, რომლებსაც დიდი წვლილი აქვთ ეკონომიკის განვითარებაში, არასწორი სიგნალია როგორც ადგილობრივი ბიზნესისთვის, ასევე უცხოელი ინვესტორებისთვის, მით უფრო, ბრალით რომელსაც პოლიტიკური შემადგენელი აქვს.
"პირველ რიგში, მინდა ხაზარაძეს და ჯაფარიძეს მხარდაჭერა და თანადგომა გამოვუცხადო. ეს არის ხალხი, ვინც შექმნა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესჯგუფი საქართველოში, რომელიც ასევე წარმატებით საქმიანობს ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. მათ მიერ შექმნილ მხოლოდ ერთ TBC ჯგუფზე რომ ვისაუბროთ, დალისტულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე და საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა, ათასობით დასაქმებულით და ინვესტიციებით. მათი, სხვა ბევრი საქმიანობაც შეგვიძლია გავიხსენოთ.
ახლა, ბრალდებით, რომელიც არ არის მტკიცებულებებით გამყარებული, ამ ხალხის დაპატიმრება და პასუხისგებაში მიცემა პირველ რიგში, საქართველოს საინვესტიციო იმიჯს აყენებს ეჭვქვეშ. ასევე, ზოგადად ძალიან ცუდი სიგნალია ბიზნეს საზოგადოებისთვის. არ შეიძლება, ადამიანები, რომლებსაც ასეთი დიდი წვლილი აქვთ ქართულ ეკონომიკაში, ასეთი ბრალდებით დააკავო. ჩემთვის ყოვლად გაუგებარია. ბიზნესმენები, ვისაც ამხელა წვლილი აქვს ქართულ ეკონომიკაში შეტანილი მაქსიმალურად პოზიტიურად უნდა იყვნენ წარმოჩენილი.
ამ ამბავს ძალიან დიდი პოლიტიკური მდგენელი აქვს, მაგრამ იმის გამო, რომ ადამიანი სადღაც არ გამოცხადდა, იქნება ეს კომისია, რომელზეც პასუხის გაცემა არ უნდა, მე მგონია, ეს უნდა იყოს ყველას ინდივიდუალური არჩევანი და უფლება. მესმის, რომ ახლა ეს გახდა იურიდიული სფეროს ნაწილი, მაგრამ ასე, შეგიძლია ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერ თემაზე დაიბარო და დაუსდვა ისეთი კითხვები, რომელიც მასთან საერთოდ არ არის კავშირში.
არა მხოლოდ ხაზარაძე-ჯაფარიძის, არამედ ყველა ადამიანის დაპატიმრება, ვინც ამისთვისაა დაპატიმრებული, ჩემი აზრით, როგორც მინიმუმ უსამართლოდაა დაპატიმრებული", - თქვა ლალაზაშვილმა bm.ge-სთან.
“ძლიერი საქართველოს” ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 23 ივნისს დააკავეს, მათ 8-8 თვით პატიმრობა მიესაჯათ. ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ საქმე აღძრული იყო „სისხლის სამართლის კოდექსის“ 349-ე მუხლით, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. მათ ამ საქმეზე 50 000-50 000 ლარიანი გირაო ჰქონდათ შეფარდებული, რომელიც გადაიხადეს. მსგავს საქმეზე 7-თვიანი პატიმრობა უკვე მიუსაჯეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ზურა ჯაფარიძეს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს.
ხაზარაძის და ჯაფარიძის დაკავება ძალიან ცუდი სიგნალია ბიზნეს საზოგადოებისთვის - ზურაბ ლალაზაშვილი (bm.ge)

ხაზარაძის და ჯაფარიძის დაკავება ძალიან ცუდი სიგნალია ბიზნეს საზოგადოებისთვის - ზურაბ ლალაზაშვილი (bm.ge)
„დიპლომატიური კატასტროფაა“ - შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩს მოშიმშილეების მონახულებისთვის აკრიტიკებს
კონსტიტუციონალისტების ნაწილი ეჭვქვეშ აყენებენ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმურობას
სასამართლო სხდომების გადაღება, ფაქტობრივად, აიკრძალა - კიდევ რა ცვლილებაა კანონში
კანონში ცვლილებები გამორიცხავს სასამართლოს ანგარიშვალდებულებას საზოგადოებასთან – არასამთავრობოები