ნიდერლანდების სასამართლომ ჩინურ ავტომწარმოებელ BYD-ს ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების მწარმოებლის მიერ წარმოებული Ti7 SUV-ის ევროკავშირის ბაზარზე გაყიდვა აუკრძალა. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ავტომობილის დიზაინი Jaguar Land Rover-ის (JLR) მიერ დაცულ Land Rover Defender-ის დიზაინს ზედმეტად ჰგავს და მის ინტელექტუალურ საკუთრების უფლებებს არღვევს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ორ ავტომობილს შორის მსგავსება რამდენიმე მნიშვნელოვან ელემენტში იკვეთება, მათ შორის ძარის საერთო სილუეტში, მომრგვალებულ კუთხეებში, ბორბლების თაღებსა და ავტომობილის პროპორციებში. გადაწყვეტილება BYD-ს ევროკავშირის ტერიტორიაზე Ti7-ის იმპორტს, წარმოებას, დასაწყობებასა და გაყიდვას უკრძალავს. შეზღუდვა ასევე შეეხება კომპანიის ახალ ქარხანას უნგრეთში, სადაც მოდელის წარმოება შესაძლოა დაწყებულიყო.

Jaguar Land Rover-მა სასამართლოს გადაწყვეტილება მიესალმა და განაცხადა, რომ კომპანია საკუთარ ინტელექტუალურ საკუთრებას იცავს და საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივ ზომებს მიმართავს. თავის მხრივ, BYD სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ჩინურმა კომპანიამ განაცხადა, რომ Ti7 დამოუკიდებელი დიზაინის პროდუქტია და Land Rover-ის უფლებებს არ არღვევს. მწარმოებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

აკრძალვა დიდ ბრიტანეთზე არ ვრცელდება. სასამართლომ განმარტა, რომ მას BYD-ის ბრიტანულ შვილობილ კომპანიასთან დაკავშირებით იურისდიქცია არ გააჩნია. შესაბამისად, ავტომობილის ბრიტანულ ბაზარზე გამოჩენის გეგმა ძალაში რჩება — მომხმარებლებისთვის მიწოდება 2027 წლის იანვრიდან არის დაგეგმილი. ბრიტანეთში BYD Ti7-ის საწყისი ფასი 47 995 ფუნტი იქნება, რაც Land Rover Defender-ის ყველაზე იაფ ვერსიაზე დაახლოებით 20 000 ფუნტით ნაკლებია.