რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ბირთვული ძრავის მქონე ფრთოსანი რაკეტების „ბურევესტნიკის“ გამოცდაში არაფერია ისეთი, რამაც შეიძლება მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები დაძაბოს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„აქ არაფერია ისეთი, რამაც შეიძლება ან უნდა დაძაბოს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას, შეიძლება თუ არა ახალი რაკეტის დაანონსებამ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები დაძაბოს.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთმა წარმატებით გამოსცადა „ბურევესტნიკის“ რაკეტა, რომელსაც, მისი თქმით, მოქმედების შეუზღუდავი რადიუსი აქვს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინის ამ განცხადებას შეუსაბამო უწოდა და აღნიშნა, რომ პუტინმა, რაკეტების გამოცდის ნაცვლად უკრაინასთან ომი უნდა დაასრულოს.