თბილისის მერიამ გამოაცხადა ₾416.5-მილიონიანი საერთაშორისო ტენდერი, რომლითაც დიდი დიღმიდან მეტრო დიდუბემდე ტრამვაის 7.5-კილომეტრიანი ხაზის დაპროექტება და მშენებლობა იგეგმება. პროექტი ასევე მოიცავს ტრამვაის დეპოს მშენებლობას და მის ტექნიკურ აღჭურვას. ტრამვაის ახალ ხაზს 11 გაჩერება უნდა ჰქონდეს. პროექტისთვის მოაზრებული თითქმის ნახევარი მილიარდი ლარი არ ითვალისწინებს ტრამვაის 10 ერთეული მოძრავი შემადგენლობის შესყიდვის საფასური, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შემადგენლობების შესყიდვისთივს კიდევ ერთი ტენდერის გამოცხადება მოუწევს.
ტრანსპორტის სპეციალისტი ასმათ აბესაძე, რომელიც 2011 წლიდან დედაქალაქში ტრამვაის დაბრუნების პროექტზე მუშაობას, ამბობს, რომ მოძრავი შემადგენლობების შესყიდვა სავარაუდოდ დამატებით 30-40 მილიონი ევრო დაჯდება. აბესაძე რეკომენდაციაა, რომ თბილისის მეტროს ვაგონებისგან განსხვავებით ტრამვაის შემთხვევაში აქცენტი ევროპელ მწარმოებლებზე გაკეთდეს.
“ევროპა არის წამყვანი ტრამვაის წარმოებაში, იმიტომ, რომ ევროპაში არსებობს ტრამვაის წარმოების რამდენიმე ათეულწლიანი გამოცდილება. ახლა მწარმოებლები შედარებით იაფი ჩინეთშიც არიან, უბრალოდ ჩინეთში ტრამვაის წარმოების მრავალწლიანი გამოცდილება კითხვის ნიშნის ქვეშ არის, ანუ ტრამვაი, რომელიც 30 წლისაა და არის ჩინური წარმოების, რა ვიცი, მე ასეთს არ ვიცნობ.
ჩემი აზრით, თბილისში ექსპერიმენტი არ უნდა ჩავატაროთ იმ ტიპის ტრამვაიზე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში არ ოპერირებს არსად, როდესაც არსებობს ევროპაში ბევრი მწარმოებელი, რომლებსაც აქვთ, რამდენიმე ათეულწლიანი გამოცდილება ტრამვაის წარმოების და რომელთა ტრამვაებიც დღესაც დადიან ევროპული ქალაქების ქუჩებში. შესაბამისად, მე რეკომენდაციას გავუწევდი ნებისმიერ ევროპელ მწარმოებელს, მით უმეტეს, რომ ის თანხა, რომელიც ალბათ გათვალისწინებული არის მოძრავი შემადგენლობის შესაძენად, კარგად მოემსახურება ევროპელი მწარმოებლის ტრამვაისაც.
შესაბამისად, ალბათ სატენდერო დოკუმენტაცია ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ იყოს კონკურენტუნარიანი. ევროპელ ტრამვაის მწარმოებელს ალტერნატივა არ ჰყავს. თურქეთი შეიძლება იყოს ალტერნატივა, იმიტომ, რომ თურქული ტრამვაიც საკმაოდ კარგია და თვითონ თურქეთშიც დადის და საკმაოდ კარგია ტექნიკურად.”-ამბობს ტრანსპორტის სპეციალისტი ასმათ აბესაძე.