BBC-მ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და ბათუმის „დინამოს“ მეკარე ლუკა ხარატიშვილი სლოვაკეთში გამართული 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამორჩეული ფეხბურთელების ხუთეულში დაასახელა.
„ვინ იყო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამორჩეული ვარსკვლავი?“ – BBC-ს ვებგვერდზე ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში, ქართველი მეკარის გარდა, გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრების თავადმსხმელი ნიკ ვოლტემადე გამოარჩიეს, რომელიც 6 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ასისტენტი (3 საგოლე გადაცემა) გახდა. სიაში ასევე მოხვდნენ ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების ცენტრალური მცველი ჩარლი კრესველი, პორტუგალიელი გარემარბი ჯოვანი კუენდა და ფრანგი ნახევარმცველი ჟაუი სისე.
„22 წლის მეკარე ლუკა ხარატიშვილი, რომელიც საქართველოს ეროვნული ლიგის ბათუმის „დინამოში“ თამაშობს, ევროპის ჩემპიონატზე თავისი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ სამ მატჩში რვა გოლი გაუშვა, ყველაფერი შეიძლებოდა გაცილებით უარესად ყოფილიყო, რომ არა ხარატიშვილის შესანიშნავი თამაში.
ქათველმა მეკარემ საფრანგეთთან წაგებულ (2:3) შეხვედრაში ექვსი დარტყმა მოიგერია, მათ შორის ერთი ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო მოგერიება იყო. მან ასევე ბრწყინვალედ ითამაშა პოლონეთთან ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში და საქართველოს გამარჯვებაში (2:1) დიდი წვლილი შეიტანა.
პოლონეთთან მოგების მიუხედავად, საქართველოს ნაკრები პლეი ოფში ვერ გავიდა, მაგრამ ეს ქვეყნისთვის, რომელიც 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მეორედ მონაწილეობდა, წარმატება იყო. თუ ტურნირამდე ხარატიშვილი უცხოური კლუბების ინტერესის სფეროში არ იყო, ამიერიდან დააკვირდებიან და, თანამემამულე გიორგი მამარდაშვილის მსგავსად, შესაძლოა, მალე ევროპის ელიტურ ლიგაშიც აღმოჩნდეს“, – წერს BBC.