აზერბაიჯანის ავიახაზებმა AZAL-მა რუსეთის 7 ქალაქში ფრენები გააუქმა. ავიაკომპანიამ შესაბამისი განცხადება გაავრცელა.

ფრენები შეჩერებულია: მინერალნიე ვოდის, სოჭის, ვოლგოგრადის, უფას, სამარას, გროზნოსა და მახაჩკალას მიმართულებით.

გადაწყვეტილება Embraer 190-ის ავიაკატასტროფის შემდეგ მიიღეს. AZAL-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფრენები „წინასწარი გამოძიების შედეგებისა“ და „შესაძლო რისკების“ გათვალისწინებით გააუქმეს. რეისები 28 დეკემბრიდან გამოძიების საბოლოო დასრულებამდეა შეჩერებული. ავიაკომპანიაში ასევე აღნიშნავენ, რომ ფრენების შეჩერება აზერბაიჯანის სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო სააგენტოს გადაწყვეტილებით იქნა მიღებული.