შორეულ ვარსკვლავებთან პლანეტების აღმოჩენა უზარმაზარ ცოდნას და უნარებს მოითხოვს, მაგრამ ნაწილობრივ ერთგვარი კოსმოსური ლატარიაც არის.
უნდა დააკვირდე სწორი გადმოსახედიდან, კონკრეტულ ვარსკვლავს და შესაფერის დროს, რათა ეგზოპლანეტა „დაიჭირო“.
ბედნიერი შემთხვევის წყალობით, ასტრონომებმა ეგზოპლანეტის ისეთი ქმედება დააფიქსირეს, როგორიც მანამდე არასდროს უნახავთ — პლანეტა გაქრა.
როგორც წესი, პლანეტები არ ქრებიან; მაშ, ხომ არ იყო ეს დაკვირვებისას დაშვებული შემთხვევითი შეცდომა, რომელიც შესაძლოა იმაზე მიანიშნებდეს, რომ სხვა ტელესკოპსაც „სათვალე“ სჭირდება — ისევე, როგორც ეს 1993 წელს ჰაბლს დასჭირდა? იქნებ ეს იმის მტკიცებულება იყო, როგორ ანადგურებს მკვდარი ვარსკვლავი თავის პლანეტებს?
რეალური მიზეზი უბრალოდ ამაღელვებელია, უპრეცედენტო.
ამ ეგზოპლანეტის სახელია TOI-2535b და ჰყავს მალული კომპანიონი. ეს ორი პლანეტა გრავიტაციულად უბიძგებენ ერთმანეთს კომპლექსურ ორბიტაზე თავიანთ დედავარსკვლავის, სახელად TOI-2535-ის გარშემო. ეს ვარსკვლავი 9,7 მილიარდი წლისაა, არის K-ტიპის ჯუჯა, ჩვენს მზეზე ოდნავ პატარა და მდებარეობს ჩვენგან დაახლოებით 1100 სინათლის წლის მანძილზე.
TOI-2535b ე. წ. ცხელი იუპიტერის ტიპისაა და დაახლოებით ცივი იუპიტერის მასა აქვს, მაგრამ თავის ვარსკვლავის გარშემო იმდენად ახლო მანძილიდან მოძრაობს, რომ ერთ გარშემოვლას სულ რაღაც რვა დღეს ანდომებს — ათჯერ უფრო ნაკლებს, ვიდრე ჩვენს სისტემაში მზესთან ყველაზე ახლომდებარე მერკური.
სივრცეში მისი მოძრაობის თავისებურებიდან გამომდინარე, TOI-2535b, მას სულ მცირე ერთი „დედმამიშვილი“ პლანეტა უნდა ჰყავდეს, შესაძლოა დაახლოებით სატურნის ზომის.
მათ შორის მიმდინარე გრავიტაციულმა „ომმა“ თითოეული მათგანი ისეთ უცნაურად დახრილ და მერყევ ორბიტაზე გადაიყვანა, რომლის მსგავსიც სხვაგან არსად გვხვდება.
თითოეული „რყევის ციკლი“ შესაძლოა 30–50 წელს გრძელდებოდეს და ცვლიდეს იმას, თუ როგორ ჩაივლიან პლანეტები თავიანთ ვარსკვლავის წინ ჩვენი გადმოსახედიდან.
„მზის სისტემაში, ყველა პლანეტის ორბიტა არსებითად ერთ სიბრტყეზეა, მხოლოდ დაახლოებით ერთი გრადუსის ურთიერთდახრილობით. ბრტყელი სისტემა მოსალოდნელია, რადგან პლანეტები ერთნაირი, ბრტყელი პროტოპლანეტური დისკოსგან წარმოიქმნება. ვარსკვლავ TOI-2535-ის გარშემო ორ პლანეტას სულ მცირე 5-გრადუსიანი ურთიერთდახრილობა აქვს, უფრო დიდი, ვიდრე მრავალი პლანეტის შემცველ უმეტეს სხვა პლანეტურ სისტემაში გვხვდება“, — ამბობს ლოს-ანჯელესში კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი სემუელ იე.
შესაბამისად, გაქრობის მოვლენა გამომდინარეობს კოსმოსში ჩვენი პოზიციიდან და იმიდან, თუ როგორ ვაკვირდებით ეგზოპლანეტების მტკიცებულებას.
TOI-2535b-ის მტკიცებულება ასტრონომებმა პირველად 2019 წელს იპოვეს NASA-ს ტელესკოპ TESS-ის მონაცემებში, ტრანზიტის მეთოდით — ამ დროისთვის, მეთოდით არის აღმოჩენილი დაახლოებით 4800 ეგზოპლანეტა სულ აღმოჩენილი 6500-დან.
ის მარტივ პრინციპს ეფუძნება. როცა ეგზოპლანეტა ან სხვა სხეული დედავარსკვლავის წინ ჩაივლის (ტრანზიტი), ვარსკვლავის სინათლის მცირე ნაწილს ბლოკავს, წარმოქმნის ოდნავ ჩაბნელებას მის სინათლეში, დაახლოებით ისე, ღამურამ რომ ჩაიფრინოს ცეცხლის წინ.
მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში მიმდინარე დაკვირვებებისას, რომელშიც ჩართული იყო მრავალი კოსმოსური და მიწისპირა ტელესკოპი, ასტრონომებმა დაინახეს, თუ როგორ გადაადგილდებოდა TOI-2535b თავისი ვარსკვლავის შუახაზის გაყოლებით და თანდათან უფრო მაღლა ადიოდა მის დისკოზე. საბოლოოდ, პლანეტა ვარსკვლავის დისკოს მხოლოდ კიდიდან შეეხო, ხოლო 2026 წლის მარტისთვის მხედველობის არიდან გაქრა.
ჩვენთან, ასეთი საოცარი ორბიტული ურთიერთქმედება დაბნელებას გვაძლევს.
„მთვარის ორბიტა დედამიწის გარშემო რომ სრულყოფილად ემთხვეოდეს დედამიწის ორბიტას მზის გარშემო, ჩვენ ყოველთვიურად ვიხილავდით დაბნელებას“, — განმარტავს კვლევის ავტორი, ლოს-ანჯელესში კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ერიკ პეტიგურა.
როგორც ამ ბმულზე მოცემულ ვიდეოში ხედავთ, TOI-2535b ჩვენი გადმოსახედიდან გამოჩენას და გაქრობას მომდევნო ათწლეულებში გააგრძელებს; მალე შეიძლება გამოჩნდეს მისი მალული კომპანიონიც, რაც უფრო ზუსტ მახასიათებლებს მოგვცემს ორივე სხეულის შესახებ.
ამას გარდა, მკვლევრებმა შექმნეს ამ პლანეტური სქემის 1-მილიონწლიანი მოდელირება, რომელიც მოიცავს TOI-2535b-ის 50 მილიონ ორბიტას; ასე დაადგინეს, რომ პლანეტის ორბიტულმა რეზონანსმა სინამდვილეში შესაძლოა უზრუნველყოს მათი სტაბილურობა და დაიცვას ისინი ერთმანეთის განადგურებისგან ან კოსმოსში ერთმანეთის გატყორცნისგან.
გარდა ამისა, ეს ნაშრომი ცხელი იუპიტერების შესაძლო ახსნას გვთავაზობს — თუმცა, ერთი თავისებურებით.
„TOI-2535 სისტემის შემთხვევაში, რომელიც ორ, ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთქმედებაში მყოფ მოკლე პერიოდის მქონე გიგანტურ პლანეტას შეიცავს, ფორმირების პროცესი სავარაუდოდ ასეთი არ ყოფილა. ამის ნაცვლად, ისინი სავარაუდოდ პროტოპლანეტურ დისკოში შემოვიდნენ. თუმცა, კვლავ ღია საკითხად რჩება, თუ როგორ გაიზარდა მათი დახრის კუთხეები“, — განმარტავს იე.
და ბოლოს, ეს გვახსენებს ასტრონომიის წარმავალ ბუნებას — ვინ იცის, კიდევ რამდენი პლანეტის გამოჩენას ვიხილავთ ან რამდენი მათგანი გაქრება უკვალოდ სივრცეში.
„არის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ტრანზიტები დავაფიქსირეთ. ამიტომ, ჩვენი თვალსაზრისიდან გამომდინარე, პლანეტები მუდმივად შემოდიან ხედვის არეში და კვლავ გადიან მის ფარგლებს მიღმა“, — ამბობს ლოს-ანჯელესში კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი სემუელ იე.
კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია newsroom.ucla.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.