აშშ-ში „შათდაუნის“ გამო, ნატო-ს მოკავშირეების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად შეძენილი ამერიკული იარაღის გადაცემა შეჩერებულია, - ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ში მთავრობის მუშაობის შეჩერების გამო, ნატო-ს მოკავშირეებისთვის 5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების იარაღის ექსპორტი დროებით გაჩერებულია.

„ეს ზიანს აყენებს როგორც ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს, ასევე აშშ-ის ინდუსტრიას“, - განუცხადა გამოცემას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.

Axios-ის ცნობით, „შათდაუნმა“ დანიისთვის, ხორვატიისთვის და პოლონეთისთვის AMRAAM-ის ტიპის რაკეტების, Aegis-ის საბრძოლო სისტემებისა და HIMARS-ების გადაცემაზე გავლენა მოახდინა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. შათდაუნი, რომელიც დაფინანსების შეწყვეტის გამო ფედერალური უწყებების ნაწილის მუშაობის შეჩერებას ნიშნავს, 1-ელი ოქტომბრიდან გამოცხადდა. მიზეზი „დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის ბიუჯეტის ახალ პროექტში ჯანდაცვის ხარჯებთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობა გახდა. მიმდინარე „შათდაუნი“ აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივია.

interpressnews.ge