პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ პარასკევს წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ელექტროენერგიის ფასებს 33 პროცენტით შეამცირებს. მისი განცხადებით, ამით ის ერთ-ერთ მთავარ საარჩევნო დაპირებას ასრულებს.
კანონპროექტი, რომელიც ნავროცკის თქმით, შინამეურნეობებისთვის ელექტროენერგიის მზარდი ხარჯების ტვირთის შემსუბუქებას ისახავს მიზნად, პარლამენტის ქვედა პალატას, სეიმს წარედგინება.
„ჩვენ უნდა მოვაგვაროთ საკითხი, რომელიც ფუნდამენტურია პოლონეთის ეკონომიკისა და ყველა პოლონელისთვის“, - განაცხადა ნავროცკიმ პრესკონფერენციაზე.
„სწორედ ამიტომ წარმოვადგინე საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ოთხ სტრატეგიულ „საყრდნს“ ემყარება. ეს, უბრალოდ, მორიგი დამცავი ფარი კი არ არის, არამედ ბასრი მახვილია, რომელიც პოლონელებს ელექტროენერგიის გადასახადის იმ ნაწილისგან გაათავისუფლებს, რომელთა გადახდაც მათ, წესით, არ უნდა უწევდეთ“, - აღნიშნა მან.
პრეზიდენტის თქმით, მისი გეგმა გულისხმობს რამდენიმე მოსაკრებლის გაუქმებას, რომლებიც ამჟამად ელექტროენერგიის გადასახადშია შეტანილი. ესენია განახლებადი ენერგიის, სიმძლავრის, კოგენერაციისა და გარდამავალი პერიოდის მოსაკრებლები.
„ეს მოსაკრებლები ელექტროენერგიის გადასახადებიდან, უბრალოდ, უნდა ჩამოიჭრას“, - აღნიშნა მან და ამ ნაბიჯს მისი ინიციატივის „პირველი საყრდენი“ უწოდა.
„მეორე საყრდენია ენერგეტიკული სერტიფიკატების ღირებულების შემცირება, მესამე - განაწილების გადასახადების შემცირება, ხოლო მეოთხე - სისტემის დაბალანსების წესების შეცვლა, რათა ხარჯები იმ სუბიექტებს დაეკისროთ, რომლებიც სისტემაში დისბალანსს იწვევენ“, - დასძინა ნავროცკიმ.
მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ელექტროენერგიაზე ამჟამინდელი 23-პროცენტიანი დამატებითი ღირებულების გადასახადის 5 პროცენტამდე შემცირებას.
პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ახალი წესები პოლონურ ოჯახებს ელექტროენერგიის გადასახადზე წელიწადში 800 პოლონურ ზლოტზე (190 ევრო) მეტის დაზოგვის საშუალებას მისცემს.
პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP-ის ცნობით, ნავროცკიმ ეს პირობა პირველად თებერვალში, წინასაარჩევნო კამპანიის დროს დადო, როდესაც მოქალაქეებს დაჰპირდა, რომ თანამდებობის დაკავებიდან 100 დღის განმავლობაში ელექტროენერგიის ფასებს ერთი მესამედით შეამცირებდა.
წყარო: 1tv.ge