20 ნოემბერს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 17 ერთეული, ფიზიკური პირი და ხომალდი დაასანქცირა, რაც თეირანისთვის იმ შემოსვლის წყაროს გადაჭრას ემსახურება, რომლითაც ირანი საკუთარ ბირთვულ პროგრამას აფინანსებს.
ამასთან, სანქციები შეეხება სხვადასხვა იურისდიქციაში მყოფ პირებს, რომლებიც შენიღბვითა და მოტყუებით ტვირთავენ და გადააქვთ ირანული ნავთობი კლიენტებზე გასაყიდად.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში წერია, რომ ირანის რეჟიმი აგრძელებს კონფლიქტების გაღვივებას ახლო აღმოსავლეთში, რათა დააფინანსოს დესტაბილიზაციისკენ მიმართული თავისი საქმიანობა.
ასეთი ქმედება, სახდეპის განცხადებით, ირანს ბირთვული ესკალაციის დაფინანსების შესაძლებლობას აძლევს და ასევე ეხმარება, მხარი დაუჭიროს ტერორისტულ ჯგუფებსა და ხელი შეუშალოს ვაჭრობისა და ნაოსნობის თავისუფლებას იმ წყლებში, რომლებიც გლობალური კეთილდღეობისა და ეკონომიკური ზრდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
"აშშ გააგრძელებს მოქმედებას საზღვაო სერვისების მიმწოდებლების, ბნელი ფლოტის ოპერატორებისა და ნავთობპროდუქტებით მოვაჭრეთა ქსელის წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ ირანული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვაში." - წერია განცხადებაში.
პარალელურად, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი დამატებით გადამზიდ ქსელებს ასანქცირებს, რომლებიც ირანის რეჟიმის დასაფინანსებლად არალეგალურ სანავთობო სქემებში მონაწილეობენ. სანქციები ასევე შეეხება ერთ-ერთ ავიაკომპანიასა და მის შვილობილ კომპანიებს, რომლებიც ირანის მიერ მხარდაჭერილ ტერორისტულ ჯგუფებს იარაღით ამარაგებენ.
ცნობისთვის, 16 ნოემბერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ თქვა, რომ ქვეყანაში ურანს არცერთ ობიექტზე აღარ ამდიდრებენ მას შემდეგ, რაც ივნისში მათ ობიექტებს აშშ თავს დაესხა.
"ირანში არადეკლარირებული ბირთვული გამდიდრება აღარ მიმდინარეობს. ჩვენი ყველა ობიექტი მონიტორინგისა და უსაფრთხო გარანტიების ქვეშაა, რომელსაც ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტო უზრუნველყოფს." - განაცხადა არაღაჩიმ.
"ჩვენ გვაქვს [ურანის გამდიდრების] უფლება და მის გამოყენებას გავაგრძელებთ. იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები, აღიარებენ ჩვენს უფლებებს და გაიგებენ, რომ ეს ირანის განუყოფელი უფლებაა და მის დათმობას არ ვაპირებთ." - დაამატა აბას არაღჩიმ.
მანამდე, 2 ნოემბერს, ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა სახელმწიფო მედიას განუცხადა, რომ თეირანი ბირთვულ ობიექტებს ხელახლა ააშენებდა. მისივე მტკიცებით, ქვეყანა ატომური იარაღის წარმოებისკენ არ ისწრაფვის.
ფეზეშქიანი ირწმუნებოდა, რომ "ყოველივე ეს ხალხის პრობლემების გადაჭრისათვის, მათი ჯანმრთელობისა და დაავადებებისთვის არის განკუთვნილი."