აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა შვიდი კომპანია იმ ორგანიზაციების სიაში შეიყვანა, რომლებთანაც ამერიკულ კომპანიებს სპეციალური ლიცენზიის გარეშე ბიზნესსაქმიანობა ეკრძალებათ. შეზღუდვები სინგაპურში, ტაილანდსა და მალაიზიაში რეგისტრირებულ კომპანიებს შეეხო. მათ შორისაა ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის, Alibaba-ს საკუთრებაში არსებული სინგაპურული კომპანია Apex Enterprise Solutions.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, Apex Enterprise Solutions სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში Alibaba-სთვის გამოთვლით სიმძლავრეებს უზრუნველყოფს. აშშ-ის გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მოწინავე ნახევარგამტარებზე წვდომის შეზღუდვას და იმ კომპანიების საქმიანობის კონტროლის გამკაცრებას, რომლებიც შესაძლოა ჩინეთისთვის ჩიპების მიწოდების პროცესში იყვნენ ჩართული.
Alibaba-ში აშშ-ის გადაწყვეტილებას მცდარი უწოდეს. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, Apex-ს არასდროს გადაუმისამართებია ამერიკული საექსპორტო შეზღუდვების ქვეშ მოქცეული მოწინავე ჩიპები. Alibaba აცხადებს, რომ საკუთარი უფლებებისა და რეპუტაციის დასაცავად ყველა სამართლებრივ გზას გამოიყენებს.
შავ სიაში მოხვდა სინგაპურული მონაცემთა კომპანია Megaspeed-იც და მასთან დაკავშირებული რამდენიმე ორგანიზაცია. Megaspeed აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიების ობიექტია კომპანიას Nvidia-სთვის საექსპორტო შეზღუდვების გვერდის ავლაში შესაძლო დახმარებას ედავებიან. WSJ-ის წინა ინფორმაციით, Alibaba Megaspeed-ის ერთ-ერთი მსხვილი კლიენტია.
ანალიტიკოსების შეფასებით, ჩიპების მიწოდებისა და გადაადგილების კონტროლის გამკაცრებამ შესაძლოა ჩინური ტექნოლოგიური კომპანიების ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარება შეაფერხოს. Alibaba საკუთარ T-head-ის განყოფილებაში ჩიპებს თავადაც ავითარებს, თუმცა AI-პროექტების გასაძლიერებლად კვლავ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გარე მომწოდებლების ნახევარგამტარებზე.