ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დანიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებს მიმართა, შეძლებენ თუ არა კვერცხის ექსპორტს აშშ-ში, სადაც კვერცხის ფასები მკვეთრად იზრდება.

ამის შესახებ ინფორმაციას დანიის კვერცხის ასოციაცია ავრცელებს.

ფრინველის გრიპის გამო აშშ-ში კვერცხისმდებელი ქათმების რაოდენობა შემცირდა, რამაც ამ პროდუქტზე ფასები რეკორდულად გაზარდა.

„როიტერი“ წერს, რომ დონალდ ტრამპი მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ კვერცხის ფასებს პრეზიდენტობის პირველივე დღეს შეამცირებდა, მაგრამ თებერვალში ფასები, წინა წელთან შედარებით, 59%-ით გაიზარდა.

როგორც „როიტერი“ წერს, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა თებერვლის ბოლოს ოფიციალური მოთხოვნები კვერცხის მწარმოებელ ევროპის ქვეყნებს გაუგზავნა, რომლითაც ითხოვდა ინფორმაციას მათი შესაძლებლობისა და სურვილის შესახებ, გაიტანონ კვერცხი ამერიკულ ბაზარზე.

„ჯერ კიდევ ველოდებით უფრო მეტ მითითებებს ვაშინგტონიდან შემდგომი ნაბიჯების შესახებ, მაგრამ გაქვთ თუ არა ინფორმაცია იმ კვერცხის რაოდენობის შესახებ, რომელიც შეიძლება მიეწოდოს შეერთებულ შტატებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ იმპორტის ყველა მოთხოვნას? ვაშინგტონი ცდილობს, შეაფასოს ის რაოდენობა, რომლის მოპოვებაც რეალურად შესაძლებელია“, – აღნიშნულია წერილში, რომელიც დანიის „კვერცხის ასოციაციას“ გაეგზავნა.

დანიის „კვერცხის ასოციაციაში“ განაცხადეს, რომ საკითხს შეისწავლიან, თუმცა აღნიშნეს, რომ ევროპაში კვერცხის ჭარბი რაოდენობა არ არის.

„კვერცხის დეფიციტია ყველგან გლობალურ მასშტაბით, რადგან მოხმარება იზრდება და ფრინველის გრიპი გავლენას ახდენს“, – დასძინა ასოციაციის წარმომადგენელმა.

თებერვალში თურქეთში განაცხადეს, რომ აშშ-ში დაახლოებით 15 000 ტონა კვერცხის ექსპორტი დაიწყეს.

წყარო: 1 არხი