„როსნეფტის“ წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებულმა სანქციებმა გერმანიაში კომპანიის შვილობილი კომპანიის ნაციონალიზაციის შესახებ დისკუსიები განაახლა, – ამის შესახებ „როიტერსს“ ორმა ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, წერს „ევროპეისკაია პრავდა“.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ გასცა ლიცენზია, რომელიც „როსნეფტის“ გერმანულ შვილობილ კომპანიას აშშ-ის სანქციებისგან 2026 წლის აპრილამდე ათავისუფლებს.

ორი წყაროს ცნობით, ბერლინისთვის სანქციების მუდმივი შემსუბუქების უზრუნველყოფა კვლავ მთავარ ვარიანტად რჩება, თუმცა გერმანელი ოფიციალური პირები ასევე განიხილავენ ობიექტის კონფისკაციას და უცხოელი ინვესტორისთვის მიყიდვას.

„როსნეფტის“ გერმანული შვილობილი კომპანია ფლობს შვედტის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში საკონტროლო წილს, რომელიც ბერლინს საწვავის უმეტეს ნაწილს აწვდის. კომპანია ასევე ფლობს წილებს MiRo-სა და Bayernoil-ის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში.