აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ორპარტიულ კანონს Common Cents Act-ს, რომელიც ფედერალურ მთავრობას მიმოქცევისთვის ერთცენტიანი მონეტების, ე.წ. პენის, მოჭრის შეწყვეტას ავალდებულებს. კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა ხმოვანი კენჭისყრით დაამტკიცეს.

კანონი ასევე განსაზღვრავს ნაღდი ანგარიშსწორებისას თანხის დამრგვალების წესს, გადახდის საბოლოო თანხა უახლოეს ხუთ ცენტამდე უნდა დამრგვალდეს. ამასთან, დოკუმენტი ითვალისწინებს ხუთცენტიანი მონეტის, ნიკელის, წარმოებისას უფრო იაფი მასალების გამოყენების შესაძლებლობას.

პენის წარმოება აშშ-ში ფაქტობრივად ჯერ კიდევ 2025 წლის ნოემბერში შეწყდა, მას შემდეგ, რაც ტრამპმა ფინანსთა სამინისტროს მონეტების მოჭრის შეჩერებისკენ მოუწოდა. ახალი კანონი ამ გადაწყვეტილებას საკანონმდებლო საფუძველს აძლევს. მონეტების მოჭრა შეზღუდული რაოდენობით კვლავ შესაძლებელი იქნება კოლექციონერებისთვის.

აშშ-ის ზარაფხანის მონაცემებით, ერთი პენის წარმოება თითქმის ოთხი ცენტი ჯდება, ანუ მონეტის ნომინალურ ღირებულებაზე მნიშვნელოვნად მეტი. ზარაფხანა წარმოების შეწყვეტით ყოველწლიურად დაახლოებით 56 მილიონი დოლარის დაზოგვას ელოდება, ხოლო კანონპროექტის ავტორი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ლიზა მაკლეინი, წლიურ დანაზოგს 85 მილიონ დოლარად აფასებს.