Apple-ი პირველ ჭკვიან სათვალეს 2027 წლის ივნისში, დეველოპერთა ყოველწლიურ კონფერენციაზე — WWDC-ზე წარადგენს, ხოლო გაყიდვების დაწყებას იმავე წლის ბოლომდე გეგმავს. ამის შესახებ Bloomberg-ის ჟურნალისტი მარკ გურმანი წერს. მისი ინფორმაციით, მოწყობილობის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა Siri-სა და iPhone-ის აპლიკაციებთან ინტეგრაცია იქნება.
Apple-ის მიზანია, კონკურენცია გაუწიოს Meta-სა და Ray-Ban-ის ერთობლივი ბრენდის ჭკვიან სათვალეებს. გავრცელებული ინფორმაციით, Apple-ის მოწყობილობა მომხმარებლებს ხმოვანი ბრძანებებით სხვადასხვა მოქმედების შესრულების საშუალებას მისცემს — მათ შორის, რესტორნის მაგიდის დაჯავშნას, ტაქსის გამოძახებას, ყავის შეკვეთასა და კინოს ბილეთების შეძენას.
სათვალე აპლიკაციებს დამოუკიდებლად არ გაუშვებს — მათი მუშაობა მომხმარებლის iPhone-ზე იქნება დამოკიდებული. შესაბამისად, მოწყობილობა სმარტფონის ერთგვარ გაგრძელებად განიხილება და არა სრულად დამოუკიდებელ ტექნოლოგიურ პროდუქტად. ამასთან, არსებული გეგმის მიხედვით, სათვალე მხოლოდ iPhone-ის გარკვეულ, შედარებით ახალ მოდელებთან იქნება თავსებადი და Android-ის მხარდაჭერა არ ექნება.
გურმანის ცნობით, Apple-ის პროტოტიპები Meta-ს მეორე თაობის Ray-Ban-ის სათვალეებზე ოდნავ უფრო თხელია. მოწყობილობას, სავარაუდოდ, ექნება კამერები, მიკროფონები და დინამიკები, ხოლო წინა მხარეს განთავსებული ინდიკატორი მომხმარებელს აცნობებს, როდის არის კამერა ან მოწყობილობა აქტიური.