ხელოვნური ინტელექტის კომპანია Anthropic-მა სამშაბათს ოფიციალურად წარადგინა Claude Mythos-ის პირველი საჯარო ვერსია – Claude Fable 5, რომელიც კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და ამავდროულად მკაცრად კონტროლირებადი AI-მოდელია.
კომპანიის განცხადებით, ახალი მოდელი აღჭურვილია უსაფრთხოების სპეციალური მექანიზმებით, რომლებიც ხელს უშლის მის გამოყენებას კიბერშეტევების, პროგრამული სისუსტეებით სარგებლობისა და ბიოლოგიური იარაღის შექმნისთვის.
გარდა ამისა, Anthropic-მა განაცხადა, რომ უფრო ძლიერი მოდელი – Claude Mythos 5 – ხელმისაწვდომი გახდება მხოლოდ „კიბერდამცველებისა და ინფრასტრუქტურის პროვაიდერების შეზღუდული ჯგუფისთვის“, რომლებსაც აქამდეც ჰქონდათ წვდომა Mythos Preview-ზე.
კომპანიის შეფასებით, ორივე ახალი მოდელი განსაკუთრებით ეფექტიანია პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში, ფინანსურ ანალიზსა და ცოდნაზე დაფუძნებულ სხვა ამოცანებში, ასევე ვიზუალური ინფორმაციისა და დიდი მოცულობის კონტექსტის დამუშავებაში.
Anthropic-ის განცხადებით, აშშ-ის მთავრობასთან თანამშრომლობით Mythos 5-ზე წვდომის ეტაპობრივ გაფართოებას გეგმავს. კომპანიის მტკიცებით, ეს მოდელი მსოფლიოში არსებული ყველა AI-სისტემიდან კიბერუსაფრთხოების ყველაზე ძლიერი შესაძლებლობებით გამოირჩევა.
ახალი მოდელების გამოყენების ღირებულება 1 მილიონი შემომავალი *ტოკენისთვის $10, ხოლო 1 მილიონი გამომავალი ტოკენისთვის $25 იქნება. ეს დაახლოებით ორჯერ აღემატება Claude Opus-ის ფასს, თუმცა მნიშვნელოვნად ნაკლებია იმ ღირებულებაზე, რომლითაც Mythos Preview-ი იყო ხელმისაწვდომი.
Claude Fable 5-ის ერთ-ერთი მთავარი სიახლე უსაფრთხოების ახალი სისტემაა, რომელიც მომხმარებლების მხრიდან მოდელის არასწორი გამოყენების მცდელობებს ამოიცნობს. Anthropic-ის მიერ „კლასიფიკატორებად“ წოდებული მექანიზმები ავტომატურად აფიქსირებს ისეთ მოთხოვნებს, რომლებიც დაკავშირებულია კიბერშეტევებთან, ბიოლოგიურ ან ქიმიურ საფრთხეებთან და კონკურენტი AI-მოდელების შექმნის მცდელობებთან.
ასეთ შემთხვევებში სისტემა მოთხოვნას უფრო შეზღუდულ მოდელზე, Claude Opus-ზე გადაამისამართებს, რაც პოტენციურად სახიფათო ინფორმაციის გავრცელებას ზღუდავს.
Anthropic-ი Mythos-ის გამოშვებაზე თვეების განმავლობაში საუბრობდა. კომპანია მოდელის არსებობის შესახებ პირველად აპრილში ალაპარაკდა, თუმცა უსაფრთხოების რისკების გამო მისი საჯარო გაშვებისგან ამ დრომდე თავს იკავებდა.
ამის ნაცვლად, Mythos-ის ადრეული ვერსია სპეციალური პროგრამის, Project Glasswing-ის ფარგლებში, ტექნოლოგიურ გიგანტებს, მათ შორის Apple-ს, Microsoft-სა და Google-ს გადაეცა, რათა კიბერუსაფრთხოების შესაძლო სისუსტეები გამოევლინათ.
აღსანიშნავია, რომ Anthropic-მა Mythos-ის საჯარო გაშვება IPO-სთვის კონფიდენციალური განაცხადის შეტანიდან ერთ კვირაში გადაწყვიტა. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია ბირჟაზე გასვლას მიმდინარე წლის ბოლომდე გეგმავს. ცნობისთვის, მაისში განხორციელებული დაფინანსების რაუნდის შემდეგ მისი შეფასება $965 მილიარდს აღწევს.