კომპანია Guda's Catering-ის დამფუძნებლის, ლადო გრიგალაშვილის ინფორმაციით, მომხმარებლის არჩევანი სერვისების მიმართულებითაც შეიცვალა. კერძოდ, წელს სრული მომსახურებით დაინტერესებული მომხმარებლების წილი დაახლოებით 20%-ს შეადგენს, ხოლო უმეტესობა უფრო ბიუჯეტურ ვარიანტს - "მიწოდებისა და გაშლის სერვისს" ირჩევს.

როგორც ლადო გრიგალაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ამ ეტაპზე უფრო მოთხოვნადია "გაშლის სერვისი", რომლის ფარგლებშიც კომპანია მომხმარებელს ადგილზე აწვდის კერძებს და აწყობს სივრცეს. სრული მომსახურება კი მოიცავს - კერძების მომზადებას, საჭირო ინვენტარის ადგილზე მიტანასა და მოწყობას, ასევე მზარეულებისა და მიმტანების მომსახურებას.

"ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბევრი ახალი კომპანია გამოჩნდა, რაც კონკურენციის ზრდასაც განაპირობებს. შეკვეთების რაოდენობის კუთხით გასული წლის მსგავს ნიშნულს ვინარჩუნებთ - აქტიურად ვმუშაობთ. კონკურენცია საკმაოდ მაღალია ბაზარზე და გამოჩნდნენ ახალი კომპანიებიც, რომელთა ნაწილიც პროდუქციას სახლში ამზადებს. შესაბამისად, მომხმარებელს შედარებით დაბალ ფასს სთავაზობენ. ჩვენი ობიექტი აღჭურვილია საჭირო ინვენტარით, სპეციალური ავტომანქანებითა და ბოქსებით, რაც საშუალებას გვაძლევს დამკვეთს, როგორც ცივი, ისე ცხელი კერძები უსაფრთხოდ მივაწოდოთ.

ზაფხულის პერიოდში ძირითადად მცირე ზომის შეკვეთებზეა მოთხოვნა - დაბადების დღეებსა და კერძო ღონისძიებებზე. დიდი მასშტაბის ღონისძიებები კი, როგორც წესი, სექტემბრიდან აქტიურდება, როდესაც ქორწილებისა და ნათლობების სეზონი იწყება. მაგალითად, სექტემბერში უკვე რამდენიმე ქორწილი გვაქვს ჩანიშნული. კორპორატიული შეკვეთების მიმართულებაც მზარდია. რეგიონებში, მათ შორის ბორჯომში, გორსა და ახალციხეში, ხშირად ვემსახურებით კერძო კომპანიებს. ამ ხაზით ყოველ წელს ერთი ორი კომპანია გვემატება", - ამბობს ლადო გრიგალაშვილი.

კომპანიის წარმომადგენელი "ბიზნესპარტნიორთან" უშუალოდ მენიუს შესახებაც საუბრობს და განმარტავს, რომ მომხმარებლების უმეტესობა სტანდარტულ შეთავაზებებს ირჩევს, თუმცა მოთხოვნა იზრდება ვეგანურ კერძებზეც.

"ფასების მიმართულებით, ბაზარზე პროდუქციის ღირებულება იზრდება, თუმცა ჩვენ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ტარიფის მკვეთრი ზრდა არ გვქონია. მაღალი კონკურენციის პირობებში, მომხმარებლის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ ფასები სტაბილურად შევინარჩუნოთ. ჩვენი მომხმარებლები როგორც პრემიუმ, ასევე საშუალო სეგმენტს წარმოადგენენ. მენიუს ფასი 350 ლარიდან იწყება. შეკვეთების დაახლოებით 70% თბილისზე მოდის, 30% კი აგარაკების მიმართულებაზე (ნატახტარი, საგურამო და სხვა ლოკაციები). მენიუს მიმართულებით მომხმარებლების უმეტესობა სტანდარტულ შეთავაზებებს ირჩევს, თუმცა მოთხოვნა იზრდება ვეგანურ კერძებზეც - დაახლოებით ყოველ მეხუთე შეკვეთაში გვთხოვენ ცალკე ვეგანურ მენიუს. შეთავაზებაში გვაქვს როგორც ხორციანი კერძები, ასევე ფხალეული, ბურგერები, სენდვიჩები და სხვა პროდუქტები. გაფართოებას რაც შეეხება, ამ ეტაპზე არ ვაპირებთ, რადგან ხარისხი გვინდა შევინარჩუნოთ", - აცხადებს ლადო გრიგალაშვილი.

ცნობისთვის, საფურშეტო კომპანია Guda's Catering ადგილობრივ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. კომპანიის ოფისები თბილისში და ხაშურში მდებარეობს, ხოლო ობიექტზე დასაქმებული 15 ადამიანია.

წყარო: "ბიზნესპარტნიორი"