თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისლამურ სამყაროს მოუწოდა, სასწრაფოდ იმოქმედონ ახლო აღმოსავლეთში შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად - ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.

ერდოღანმა განაცხადა, რომ ის დააჩქარებს დიპლომატიურ ძალისხმევას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დასამყარებლად და მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაბრუნებლად და რომ „ღრმად“ შეშფოთებულია ირანზე აშშ-ისრაელის თავდასხმებით.

„ჩვენ ასევე მიუღებლად მიგვაჩნია ირანის სარაკეტო და დრონებით თავდასხმები ჩვენი მოძმე ქვეყნების წინააღმდეგ სპარსეთის ყურეში, მიზეზის მიუხედავად“, - დასძინა მან.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, თუ საღი აზრი არ გაიმარჯვებს და დიპლომატიას შანსი არ მიეცემა, რეგიონი ცეცხლის რკალში შესვლის რისკის ქვეშ დადგება.

ერდოღანის განცხადებით, შემდგომი სისხლისღვრის თავიდან ასარიდებლად, ისლამურმა სამყარომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ანკარა დიპლომატიურ ძალისხმევას გაააქტიურებს ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად.

„სასურველი შედეგი ვერ იქნა მიღწეული, რადგან მხარეებს შორის ნდობის კრიზისი ვერ დაიძლია და ისრაელის მხრიდან პროცესის საბოტაჟის მცდელობები გაგრძელდა“, – განაცხადა ერდოღანმა.

ამასთან, მისივე თქმით, მიუღებელია ირანის თავდასხმა სპარსეთს ყურის ქვეყნებზე.

tvpirveli.ge