ბრიტანული ახალი ამბების ვებგვერდი UK Defence Journal და ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების B-2 Spirit ტიპის ბომბდამშენებმა, თვითმფრინავების საჰაერო გამართვის უნარის მქონე KC-135-ის ტიპის სტრატოტანკერების თანხლებით, მისურის შტატში მდებარე უაიტმენის საჰაერო ბაზა დატოვეს და დასავლეთის მიმართულებით გაფრინდნენ.

გამოცემის ცნობით, ბომბდამშენები, სავარაუდოდ, ინდოეთის ოკეანეში მდებარე აშშ-ს სამხედრო ბაზისკენ, დიეგო გარსიისკენ მიემართებიან.

მონაცემების მიხედვით, თვითმფრინავების ორი ჯგუფი, რომელთაგანაც თითოეული ოთხი საჰაერო ტანკერისგან შედგება, ესკორტს უწევენ B-2 ტიპის 6 ბომბდამშენს, რომლებიც კოდურ სახელწოდებას "MYTEE21-ს" იყენებენ. აღნიშნული სახელწოდება წარსულში სტელსის ტიპის ბომბდამშენების მისიებთან იყო დაკავშირებული.

ზოგიერთი ღია წყაროების დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსი კი წერს, რომ თავდაპირველი დანიშნულების ადგილი აშშ-ს გუამის ტერიტორიის სამხედრო ბაზაა, საიდანაც ბომბდამშენები უკვე დიეგო გარსიისკენ გაემგზავრებიან.

B-2 Spirit შორი რადიუსის საიერიშო მისიებისთვის არის შექმნილი და მას, როგორც კონვენციური, ასევე ბირთვული იარაღის, გადატანაც შეუძლია. აღნიშნული ბომბდამშენი ერთადერთი ამერიკული თვითმფრინავია, რომელსაც ბუნკერების საწინააღმდეგოდ შექმნილი GBU-57-ის ტიპის ბომბის გადატანა შეუძლია.

თავდაპირველად აშშ-მ დიეგო გარსიაზე B-2 ტიპის ექვსი ბომბდამშენი აპრილის თვეში გადაიყვანა, თუმცა მოგვიანებით ისინი Boeing B-52-ის ტიპის სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა ჩაანაცვლა, B-2 Spirit-ები კი აშშ-ში დაბრუნდნენ. 

tabula.ge