ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე ათასობით რუსი ტურისტი სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს,- ინფორმაცია ამის შესახებ გამოცემა The Moscow Times ავრცელებს.
წყაროს ცნობით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სადაც, არსებული მონაცემებით, დაახლოებით 50 000 რუსეთის მოქალაქე იმყოფება.
რუსი ტურისტები ჩივიან, რომ უკან დაბრუნების ალტერნატიული გზები მნიშვნელოვნად გაძვირდა- ომანიდან რუსეთში კერძო ჩარტერული რეისით გაფრენა ერთ მგზავრზე 20 000 ევრო ღირს, რეისი 2 მარტს შესრულდება Ту-204 ტიპის თვითმფრინავით.
ბორტი „როსკოსმოსის“ სისტემაში შემავალ Центр подготовки космонавтов-ს ეკუთვნის და კომერციული ჩარტერებისთვის გამოიყენება.
თვითმფრინავში დაახლოებით 90 ადგილია და მათი უმეტესობა უკვე გაყიდულია. სრული დატვირთვის შემთხვევაში რეისის სავარაუდო შემოსავალი შესაძლოა 1,9 მილიონ ევროს მიუახლოვდეს.
ცენტრის განცხადებით, ბორტი ქირავდება ფიქსირებულ საბაზრო ფასად, ხოლო მგზავრობის ღირებულებას რეისის დამკვეთი განსაზღვრავს.
ფრენების განრიგი რეგიონში მნიშვნელოვნად შეიცვალა. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, საუდის არაბეთმა და კატარმა დროებით დახურეს საჰაერო სივრცე, რის შედეგადაც ახლო აღმოსავლეთის შვიდ დიდ აეროპორტში, მათ შორის დუბაიში, აბუ-დაბისა და შარჯაში, 3400-მდე რეგულარული რეისი გაუქმდა.
ამ დროისთვის აბუ-დაბის აეროპორტმა ოპერირება ნაწილობრივ აღადგინა. განახლდა რეგისტრაცია რამდენიმე მიმართულებაზე, მათ შორის მოსკოვის რეისზე, რომელსაც Etihad Airways ასრულებს. თუმცა აღნიშნული ფრენა მხოლოდ იმ მგზავრთა ნაწილს მოიცავს, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას რამდენიმე დღეა ელოდებიან.