თურქეთში Istanbul Jewelry Show გაიხსნა, რომელიც მსოფლიოში 5 უმსხვილესი საიუველირო გამოფენიდან ერთ-ერთია. იგი ვიზიტორებს 4 დღის განმავლობაში უმასპინძლებს.
გამოფენაზე 140-ზე მეტი ქვეყნიდან, საიუველირო ინდუსტრიის 27 ათასზე მეტი წარმომადგენელი ჩავიდა.
თურქეთის ექსპორტიორთა ასამბლეის (TİM) პრეზიდენტის მუსტაფა გიულთეფეს განცხადებით, 2023 წელს, საიუველირო ინდუსტრიიდან მიღებული შემოსავალი, გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
„ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ საიუველირო ინდუსტრიას. 2022 წელს თურქეთის საიუველირო სექტორის პროდუქცია ექსპორტირებული იყო 169 ქვეყანაში. თურქული სამკაულების ექსპორტმა 2022 წელს 5,8 მილიარდ დოლარს მიაღწია. სექტორის გაყიდვების ზრდა იგივე ტემპით გრძელდება. მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში სექტორმა 4,7 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიტანა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-ით მეტია“, - განაცხადა მუსტაფა გიულთეფემ.