დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ) ირანისთვის პარტნიორი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას გეგმავს. ამის შესახებ დსთ-ის გენერალურმა მდივანმა სერგეი ლებედევმა სააგენტო TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი განმარტებით, საკითხი განიხილება „დსთ+“ ფორმატის ფარგლებში. ინიციატივის მიმართ თანამეგობრობის წევრ ქვეყნებში ინტერესი არსებობს და შეფასებები, ძირითადად, დადებითია. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ირანი პირველი სახელმწიფო იქნება, რომელსაც აღნიშნული სტატუსი მიენიჭება.

ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა „დსთ+“ ფორმატის გამოყენებით რეგიონული თანამშრომლობის გაფართოების ინიციატივა 9 ოქტომბერს, თურქმენეთში გამართულ სამიტზე წარადგინა. მისი განცხადებით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა შეიძლება მოიცავდეს ვაჭრობას, ინვესტიციებს, ტექნოლოგიებს, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას.

ფეზეშქიანმა ასევე წამოაყენა საერთო ენერგეტიკული ქსელის შექმნის იდეა, რომელიც მონაწილე ქვეყნებს ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის წარმოებისა და მიწოდების კოორდინირების შესაძლებლობას მისცემს. მან ყურადღება გაამახვილა სანქციების პირობებში ვაჭრობის ხელშეწყობისთვის ანგარიშსწორებისა და ბარტერული მექანიზმების განვითარებაზეც.

„დსთ+“ ფორმატი 2025 წლის ოქტომბერში, ყაზახეთის ინიციატივით შეიქმნა. ის თანამეგობრობის წევრობის მიღმა მყოფი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლობაში ჩართვას ითვალისწინებს. ირანი უკვე არის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისა და BRICS-ის წევრი, ასევე თანამშრომლობს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან. 2025 წელს თეირანსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაც ამოქმედდა, რომელიც საქონლის სასაქონლო ნომენკლატურის თითქმის 90%-ს მოიცავს.