შიდა ტურიზმის ხელშეწყობის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს აგრძელებს.  ადმინისტრაციის ორგანიზებით კერძო სექტორის 350-მდე წარმომადგენლისათვის სასწავლო კურსი ჩატარდა „ინკლუზიური ტურისტული პროდუქტები და სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“.

ტრენინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით თბილისში, რუსთავში,  გორში, კასპში, თეთრიწყაროში, თელავში, ქუთაისში, წყალტუბოში, ბათუმში, ზუგდიდში, ამბროლაურში, სტეფანწმინდასა და მესტიაში მოეწყო.

ტრენინგის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მთავარი მიზანია მაღალი ევროპული სტანდარტების დანერგვა ქვეყანაში, ჩვენ მნიშვნელოვან აქცენტებს ვაკეთებთ ინკლუზიური ტურისტული პროდუქტის განვითარების მიმართულებით. აღნიშნული სასწავლო კურსი მთელი ქვეყნის მასშტაბით ტურისტულად დატვირთულ ადგილებში განხორციელდა და ჯამში ჩვენ გადავამზადეთ 350-მდე მონაწილეს. ძალიან სასიხარულოა, რომ კერძო სექტორის ინტერესი ამ  კურსთან მიმართებით საკმაოდ მაღალია“, - განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა. 

გადამზადების კურსი განთავსებისა და კვების ობიექტების, ასევე ტურისტული კომპანიების, დაცული ტერიტორიების სააგენტოების წარმომადგენლებისათვისა და გიდებისათვის გაიმართა.

„ძალიან საინტერესო და ინფორმაციულ ტრენინგს დავესწარით ინკლუზიური ტურიზმის შესახებ, რომელიც სულ უფრო აქტუალური ხდება, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი რეგულაციებია და სწორედ ამის გაცნობა მოხდა ტურიზმის ადმინისტრაციის მხრიდან.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილება ტურისტული განთავსების ობიექტებისთვის, ტურისტული სააგენტოებისთვის. როგორც სასტუმროს წარმომადგენლები ფეხს ვუწყობთ დღევანდელ სტანდარტებს და ვცდილობთ მაქსიმალურად დავიცვათ აღნიშნული მითითებები, რაც იყო მოცემული ტრენინგზე“, - ამბობს ტრენინგის მონაწილე, სასტუმრო „ქლოქს ჰოტელ თბილისის“ წარმომადგენელი ანა მიქაძე. 

ტრენინგებს ინკლუზიური ტურიზმის ცენტრი „პარსა“ უძღვებოდა.