უჯარმის ბალნეოლოგიური კურორტი პაციენტებს აქტიურად მასპინძლობს. სამკურნალო სეზონი 1-ელი მაისიდან იწყება და ოქტომბრამდე გრძელდება. ადგილზე შესაძლებელია როგორც ამბულატორიული მომსახურების მიღება, ისე ღამით დარჩენა და დასვენება.

თუ რა შეიცვალა ბოლო წლებში კურორტზე, რამდენად დიდია მოთხოვნა პაციენტებისგან და რა სიახლეებია ადგილზე, ამ თემებზე „კომერსანტი“ უჯარმის ბალნეოლოგიური ცენტრის  დირექტორს თანრივერდ გასუმოვს ესაუბრა. 

მისი თქმით, კურორტზე პაციენტების რაოდენობა პანდემიის შემდეგ შედარებით შემცირებულია, რადგან აზერბაიჯანთან დაკეტილი სახმელეთო საზღვრის გამო, იქაური პაციენტები კურორტზე ჩამოსვლას ვეღარ ახერხებენ. 

„ჩვენ პანდემიის პერიოდშიც ვმუშაობდით, თუმცა დაახლოებით 30%-40% კლება გვქონდა. ჩვენს მინერალურ წყლებს კარგი ეფექტი ჰქონდა განსაკუთრებით პოსტკოვიდური ჩივილების სამკურნალოდ. 

მას შემდეგ კი, რაც პანდემიის გამო, აზერბაიჯანთან სახმელეთო საზღვარი ჩაიკეტა, იქიდან პაციენტები ვეღარ გვსტუმრობენ. ყოველწლიურად აზერბაიჯანიდან 100-120 პაციენტი გვყავდა და ეს რაოდენობა დაგვაკლდა. ჩვენი პაციენტების უმრავლესობა ქართველია“, - აღნიშნა კურორტის დირექტორმა. 

მისი თქმით, თუ აღნიშნულ შეზღუდვამდე კურორტს ყოველწლიურად საშუალოდ 600 პაციენტი სტუმრობდა, ახლა ეს რიცხვი დაახლოებით 400-500-ის ფარგლებშია. კონკრეტულად 2023 წლის სეზონზე კურორტის მომსახურებით 460-მა პაციენტმა ისარგებლა.

რაც შეეხება კურორტში პროცედურების ფასებს, პანდემიისა და ინფლაციის გავლენით, ბოლო წლებში გაზრდილია, დირექტორის განმარტებით, ცვლილება დაახლოებით 100-200 ლარს შეადგენს. 

როგორც resortujarma.com-ზეა აღნიშნული ბალნეოლოგიურ კურორტზე 10 დღიანი პაკეტების ფასი 900-დან 1600 ლარამდეა, 5 დღიანი პაკეტების 500-დან 900 ლარამდე. სანატორიუმში ერთჯერადი პაკეტი კვებით - 170 ლარი ღირს. კვებისა და პროცედურების გარეშე ღამისთევა - 80 ლარი. ერთი აბაზანა - 40 ლარი, ერთი მასაჟი - 30 ლარი, ერთი ფიზიო პროცედურა კი 30 ლარი

როგორც თანრივერდ გასუმოვმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, კურორტზე ყოველწლიურად არის სიახლეები. ბალნეოლოგიური ცენტრი ფართოვდება და მას 7 კოტეჯი ემატება, ასევე უკვე ცალკე არის აშენებული სასადილო სივრცეც.