ტურისტული კომპანია Travelfy-ის ხელმძღვანელის, გიორგი მელიქიშვილის ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, იაპონიაში მოგზაურობა, წინა წელთან შედარებით, მცირედით გაზრდილია.

როგორც გიორგი მელიქიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, საინფორმაციო ველი იაპონიის შესახებ, ახლა უფრო ხელმისაწვდომი და აქტუალურია, შესაბამისად, შორეულ ქვეყანაში მოგზაურობის სურვილი გაცილებით მეტ მოგზაურს აქვს.

„სწორედ ახლა, ჯგუფური ტური გვაქვს და იაპონიაში ვიმყოფები. იაპონიის მიმართულებით ტურს, ყოველწლიურად ვგეგმავთ. მინდა აღვნიშნო, რომ შარშანდელთან შედარებით, 2-ით მეტი ჯგუფური ტური დავგეგმეთ. როგორც გითხარით, ერთ ტურში ამჟამად გახლავართ და მაისის ბოლოს დამატებით კიდევ მივდივართ. ტენდენციაზე, რომ ვისაუბროთ - იაპონია ისეთი მიმართულება არაა, სადაც მასობრივ ტურიზმს განვიხილავთ, რადგან შორი მიმართულებაა და შესაბამისად, ბიუჯეტიც მაღალია. ყოველწლიურად, დაახლოებით ერთი და იმავე რაოდენობის ადამიანი სტუმრობს, თუმცა ტენდენცია მცირედით, მაგრამ მზარდია. ზრდა კი, შემდგომი ფაქტორიდან გამომდინარეობს: წინა წელთან შედარებით, დაინტერესება და საინფორმაციო ველი ბაზარზე უფრო დიდია“, - განაცხადა გიორგი მელიქიშვილმა.

ამასთან, ტურისტული კომპანია Travelfy-ის ხელმძღვანელმა ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის საკითხის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ჩინეთში ხშირად მოგზაურობს, ასევე აღნიშნული ქვეყნიდან საქართველოში გაცილებით მეტი ტურისტი შემოდის, რაც საქართველოში, როგორც ტურიზმზე, ასევე ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება.

ცნობისთვის, 15 სექტემბრიდან, კვირაში 3 სიხშირით თბილისის საერთშორისო აეროპორტში ოპერირებას ჩინეთის უმსხვილესი სახელმწიფო ავიაკომპანია AIR CHINA დაიწყებს. ავიაკომპანია ურუმჩიდან თბილისის მიმართულებით BOEING 737-800 ხომალდით იფრენს. სამომავლოდ ავიაკომპანია ოპერირების დაწყებას პეკინიდან, შანხაიდან და გუანჯოუდან გეგმავს.

2024 წლის 30 სექტემბრიდან კი  საქართველოს მოქალაქეები ჩინეთის ჰონგ კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში უვიზოდ შეძლებენ მოგზაურობას.

წყარო: ბიზნესპარტნიორი