ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოს რეკორდული რაოდენობის საერთაშორისო ტურისტი ეწვია.
კერძოდ, ოფიციალური სტატისტიკით, 2026 წლის 1-ელ კვარტალში ქვეყანამ 997 529 სტუმარს უმასპინძლა, რაც 4%-ით ანუ 38 582 ვიზიტით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
სტატისტიკას არ ეთანხმება ტურისტული კომპანების ნაწილი.
,,ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებლის, ცოტნე ჯაფარიძის შეფასებით, ტურიზმის სექტორში 2026 წლის სეზონი უარყოფითი დინამიკით დაიწყო და არსებული მონაცემები პოზიტიურ პროგნოზებს ვერ იძლევა. მისივე თქმით, ოფიციალური სტატისტიკა მანიპულაციურია, იმ ფონზე, როცა ადგილობრივ ბაზარზე ფინანსების მთავარი მაგენერირებელი, კურორტი გუდაური, მარტის თვეს ფაქტობრივად, ცარიელი შეხვდა.
,,სამწუხაროდ, ინტერვიუს დასაწყისში მინდა აღვნიშნო, რომ ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე არასდროს გვეძახიან იმ ხალხს, ვინც ოდნავ მაინც ოპოზიციურად ვართ განწყობილი და საპირისპიროს ვლაპარაკობთ.
რაც შეეხება სტატისტიკას, ახლა აპრილის თვეა, ჩვენ კი ვსაუბრობთ გასული 3 თვის მაჩვენებლებზე. მარტის თვე მთლიანად ჩავარდა. ჩვენი ტურისტული ბაზარი დივერსიფიცირებული არ არის- გუდაური ისრაელისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებზე მუშაობს; ასე რომ ირანში ომის დაწყებისთანავე აბსოლუტურად ყველა ჯავშანი გაუქმდა. ცნობისთვის, ზამთრის სეზონზე წამყვანი კურორტი გუდაურია, რომელზე შემოსავლების ყველაზე დიდი ნაწილი მოდის. მსგავსი მდგომარეობა გაგრძელდა აპრილის თვეშიც და სამწუხაროდ, კურორტი ახლაც ცარიელია.
სხვა ტურისტულ ადგილებში, თუნდაც თბილისში თვალითაც კი შეინიშნებოდა ტურისტების ნაკლებობა.
ნებისმიერ ადამიანს რომ დაელაპარაკო, ვინც ტურიზმის სფეროშია და ,,ოცნების” კარტს არ თამაშობს, ყველა დაადასტურებს, რომ სეზონი ნეგატიურად დაიწყო და არავითარი სარეკორდო წარმატება არ გვქონია”,- აღნიშნა ,,ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელმა, ცოტნე ჯაფარიძემ ,,კომერსანტის” ეთერში.