ირლანდიის ტანაისტე (ვიცე-პრემიერი - რედ.) საიმონ ჰარისის თქმით, ავსტრალიაში გასულ წელს მიღებული კანონის მსგავსად, 16 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვის საკითხი ირლანდიაშიც სერიოზულ განხილვას საჭიროებს.

2024 წლის ნოემბერში ავსტრალიის პარლამენტმა დაამტკიცა შეზღუდვები, რომლის თანახმადაც, ტექნოლოგიურ ფირმებს დიდი ჯარიმები დაეკისრებათ, თუ ისინი კანონს არ შეასრულებენ.

დამოუკიდებელი დეპუტატის, პოლ გოგარტის კითხვაზე პასუხის გაცემისას, სოციალური მედიის მომხმარებელ მცირეწლოვანთა მაღალი რაოდენობა ბატონმა ჰარისმა „დროის ბომბად“ შეაფასა.

მან დასძინა, რომ მასმედიის საკითხების მინისტრმა თავის თანამშრომლებს დაავალა შეესწავლათ, თუ როგორ უმკლავდებიან ამ პრობლემას სხვა ქვეყნები.

„ჩვენ უნდა ვნახოთ, თუ რა კეთდება სხვაგან ამ მიმართულებით. ჩემმა კოლეგამ, მინისტრმა პატრიკ ო'დონოვანმა სთხოვა თავის თანამშრომლებს, გაერკვით, სხვა ქვეყნები, როგორიცაა, მაგალითად, ავსტრალია, როგორ მუშაობენ ამ კუთხით, ვფიქრობ, ავსტრალია დიდ შექებას იმსახურებს იმ ნაბიჯებისთვის, რომელიც მათ გადადგეს“, - აღნიშნა ჰარისმა.

მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ციფრულ ტექნოლოგიებზე წვდონის ასაკი ირლანდიაში 16 წელია, დიდი ხანია ნაპოვნია „გამოსავალი“, რომელიც უფრო ნაკლები ასაკის ბავშვებს სოციალურ მედიაზე წვდომის საშუალებას აძლევს.

„ძალიან სერიოზულად უნდა იქნას განხილული იდეა, რომ სოციალურ მედიით სარგებლობის მინიმალურ ასაკად დადგინდეს 16 წელი და ის შესაბამისობაში მოვიდეს ციფრული თანხმობის ასაკთან, რომელიც ირლანდიაში ასევე 16 წელია“, - მოითხოვა ვიცე-პრემიერმა.

თავის მხრივ, პოლ გოგარტიმ ხაზგასმით თქვა, რომ სოციალური მედია დიდ გავლენას ახდენს ახალგაზრდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ირლანდიამ უნდა შეისწავლოს, რა გამოცდილება დაუგროვდა ამ კუთხით ავსტრალიას.

„თუმცა, არც ეს არის პანაცეა და მასაც აქვს ნაკლოვანებები, მაგრამ უდავოა, რომ პირველ ადგილზე ჩვენი შვილები და მათი ინტერესები უნდა დავაყენოთ და არა ზემდიდარი ტექნოლოგიური ბარონები, რომლებიც ამჯერად უკვე ტრამპის ადმინისტრაციას სცემენ თაყვანს“, - დასძინა დამოუკიდელმა დეპუტატმა.

წყარო: 1 არხი