თბილისის მერია ადასტურებს, რომ ტერიტორია, სადაც დღეს მშენებარე შენობა ჩამოინგრა, შპს "კორტებს" ეკუთვნის.
თბილისის მერია "პირველებისთვის" გამოგზავნილ წერილობით განმარტებაში აღნიშნავს, რომ შპს "კორტები" თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით, 30 000 ლარით დააჯარიმა. უწყების ცნობით, მშენებლობა შეჩერებულია იქამდე, ვიდრე კომპანია არ წარმოადგენს დამატებით ექსპერტიზის დასკვნას შენობის კონსტრუქციული მდგრადობის შესახებ.
"როგორც იცით, ეს არის ძველი ჩოგბურთის კორტების ტერიტორია, სადაც შენდება სპორტული ცენტრი და იგი ეკუთვნის შპს „კორტებს“. რაც შეეხება დღეს მომხდარ შემთხვევას, სამშენებლო ობიექტზე ე.წ. ხიმინჯების ჩამოშლას, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დააჯარიმა კომპანია უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით, რაც 30 000 ლარიან ჯარიმას გულისხმობს. მშენებლობა შეჩერებულია, ვიდრე კომპანია არ წარმოადგენს დამატებით ექსპერტიზის დასკვნას შენობის კონსტრუქციული მდგრადობის შესახებ." - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, თამარაშვილის ქუჩაზე, ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე, მშენებარე შენობა დღეს, ცოტა ხნის წინ ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თამარაშვილის 13 ნომერში არსებული ფართობი, სადაც სპორტული-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს, შპს "კორტების" განკარგულებაშია. "პირველების" ინფრომაციით, შპს "კორტების" მფლობელი რუსეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, მამუკა მერკვილაძეა. მამუკა მერკვილაძე მოცემულ პოსტზე მას შემდეგ დანიშნეს, რაც ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი გახდა.
თამარაშვილის #13-ში სპორტული კომპლექსისა და ჩოგბურთის კორტების მშენებლობა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 2023 წლის ივლისში დაანონსა და განაცხადა, რომ კორტები ექსპლუატაციაში 2025 წლის 1-ელი ივლისისთვის შევიდოდა. როგორც კალაძემ მაშინ აცხადებდა, აღნიშნული ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს საცხოვრებელი კორპუსების ასაშენებლად გასხვისდა და ოცნების ხელისუფლებას მისი ადგილმონაცვლეობით გამოსყიდვა მოუწია.
აღნიშნული ტერიტორია 2021 წელს იმ პირობით გასხვისდა, რომ ადგილზე სპორტული კომპლექსი აშენდებოდა და ჯამში 5 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდებოდა.
უძრავი ქონების ნასყიდობის პირობებიან ხელშეკრულებაში ცვლილება 2 ჯერ განხორციელდა: 2023 წლის ივლისსა და 2025 წლის აპრილში.
ტერიტორიის მესაკუთრე შპს "კორტებია", რომლის დირექტორი და 67%-იანი წილის მფლობელი დავით კოპაძეა, 33%-ს კი რუსეთში საქართველოს ინტერესთა სექციის ხელმძღვანელი მამუკა მერკვილაძე ფლობს.
"მთავარის" ცნობით, მამუკა მერკვილაძის სახელი და გვარი იმითაცაა ცნობილი რომ ის საქართველოში არაერთი კომპანიის მეწილეა, მათ შორისაა შპს ქართული ჩაი, შპს ფოთის პირველი ტერმინალი , შპს ზიპლაინ კაუკასუს, შპს გარდაბნის მეურნეობა, შპს ინვესტ გრუპ ჯორჯია, შპს მს გლდანი (იგივე გლდანის შაურმა), შპს კანიონი 350 (ბალდის კანიონი), შპს სამრეცხაო 1, შპს ფლაი რიყე, შპს მოროშკინა და პარტნიორები და ა.შ