რუსეთი სასწრაფო წესით ზრდის თავის აქტივობას მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონში, ეგრეთ წოდებულ „დნესტრისპირეთის მოლდავურ რესპუბლიკაში“ (PMR), რათა უკრაინის ყურადღება და რესურსები რუსული ანკლავიდან მომდინარე მზარდ საფრთხეზე გადაიტანოს.

ამის შესახებ უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში თავისმა წყარომ განუცხადა.

დნესტრისპირეთში, კერძოდ, გააქტიურდა სამობილიზაციო ღონისძიებები: რეზერვისტებს არაღიარებული რესპუბლიკის სამხედრო ფორმირებებში იწვევენ, საწყობებში კი იარაღის გადანაწილება მიმდინარეობს.

დნესტრისპირეთში ასევე დაიწყო უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება და დრონების ოპერატორთა სასწავლო ცენტრები ამოქმედდა.

„კრემლის მიერ მიღებული ზომები დნესტრისპირეთში რუსეთის ყოფნის გაძლიერებას ემსახურება. მოსკოვი, მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციისა და უკრაინის სამხრეთ რეგიონებთან არსებულ საზღვარზე დაძაბულობის კერის შექმნის გზით, უკრაინაში დივერსიული ჯგუფების შეღწევის რისკის გაზრდას ისახავს მიზნად“, - განაცხადა წყარომ.

მისი თქმით, თავისი მიზნების მისაღწევად, რუსეთის ფედერაცია დნესტრისპირეთში დაზვერვის აგენტებს გზავნის, რომლებსაც კრიზისის გამწვავება, ქაოსის დათესვა, პროვოკაციების მოწყობა და დივერსიული საქმიანობის წარმართვა ევალებათ.

უკრაინის სადაზვერვო სამსახურში მიაჩნიათ, რომ დნესტრისპირეთის მიმართ კრემლის გაზრდილი ყურადღება ახალი ჰიბრიდული ოპერაციის დაწყებაზე მიუთითებს, რომელიც 2026 წლის ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებს“ უკავშირდება.

2025 წლის დასაწყისში „გაზპრომის“ მიერ ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ, რუსულ გაზზე დამოკიდებული დნესტრისპირეთი კოლაფსისგან მოლდოვის ხელისუფლებამ იხსნა - დნესტრისპირეთის რეგიონს კრიტიკულად მნიშვნელოვან ენერგომატარებლებს ამჟამადაც „მოლდოვაგაზი“ აწვდის.

წყარო: 1 არხი