Snapchat-მა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მომხმარებლების მიერ სადაზღვევო პოლისების შეძენის დაგეგმვის პროცესს იკვლევს. კვლევა აჩვენებს იმ ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც ამ სფეროში მომუშავე მარკეტერებსა და ბრენდებს ეხსნებათ. ერთი შეხედვით, ახალგაზრდებზე ორიენტირებული Snapchat-ისა და დაზღვევის თემატიკის დაკავშირება შესაძლოა არც ისე ლოგიკურად ჟღერდეს. თუმცა, Ipsos-ისა და Snap-ის ერთობლივი მონაცემები სრულიად სხვა რეალობას გვიჩვენებს. აღმოჩნდა, რომ პლატფორმის მომხმარებლები დაზღვევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას განსაკუთრებული პროაქტიულობით გამოირჩევიან. ისინი არიან ციფრულ ტექნოლოგიებზე ორიენტირებული მომხმარებლები, რომლებიც დეტალურად გეგმავენ და აფასებენ საკუთარ ნაბიჯებს, რჩევებისა და გზამკვლევისთვის კი სწორედ სოციალურ ქსელებს, განსაკუთრებით კი Snapchat-ს მიმართავენ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში სოციალური მედიის 1513 მომხმარებლის გამოკითხვამ საინტერესო ტენდენცია გამოავლინა: ყოველი ხუთი Snapchat-ერიდან ოთხი უკვე ფლობს მინიმუმ ერთ სადაზღვევო პოლისს. ეს მაჩვენებელი 1.4-ჯერ აღემატება იმ ადამიანების მონაცემებს, რომლებიც ამ აპლიკაციას არ იყენებენ. ეს სტატისტიკა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პლატფორმის აუდიტორიის მსყიდველუნარიანობას, რაც ისტორიულადაც აპლიკაციის მთავარ ბაზარს წარმოადგენდა.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მომხმარებელთა 82% მზად არის, სადაზღვევო პროვაიდერი შეცვალოს. მეტიც, ისინი ბევრად უკეთ ერკვევიან პოლისის პირობებში, დაფარვის დეტალებსა და ზოგადად, სადაზღვევო ბაზრის სპეციფიკაში, ვიდრე სხვები. ეს ტენდენცია პირდაპირ კავშირშია იმ ცხოვრებისეულ ეტაპებთან, რომლებსაც ახლა მილენიალები და ზეტ თაობის წარმომადგენლები გადიან. ახალ საცხოვრებელში გადასვლა, ავტომობილის შეძენა თუ ოჯახის გაფართოება – ეს ის მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რომლებიც საჭიროებების გადაფასებას ითხოვს. გამოკითხულთა 77% ადასტურებს, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მომხდარი ცხოვრებისეული სიახლეების გამო სადაზღვევო პოლისი შეცვალეს ან ახალი შეიძინეს. შესაბამისად, მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისას მათი აქტიურობა 1.8-ჯერ უფრო მაღალია სხვებთან შედარებით.

მსხვილი შენაძენების, მათ შორის დაზღვევის დაგეგმვისას, აპლიკაციის მომხმარებლები რჩევებისა და ინფორმაციის მთავარ წყაროდ სწორედ სოციალურ მედიას მიიჩნევენ. ისინი 2.6-ჯერ უფრო პოზიტიურად განეწყობიან იმ სადაზღვევო ბრენდებისა თუ პროდუქტების მიმართ, რომლებსაც სოციალურ პლატფორმებზე ხვდებიან – პოზიტიური განწყობის მაჩვენებელი მათში 74%-ს აღწევს, მაშინ როცა არამომხმარებლებში ეს რიცხვი მხოლოდ 30%-ია. ეს მონაცემები ნათლად ასახავს, თუ რამდენად ღრმად არის გამჯდარი სოციალური ქსელები ჩვენს ყოველდღიურობაში და როგორ ცვლიან ახალგაზრდები ინფორმაციის მოძიების ჩვევებს ტექნოლოგიური ტრენდების შესაბამისად.

წყარო: Socialmediatoday,    www.marketer.ge