შეერთებულმა შტატებმა ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას აცნობა, რომ მათთან უკვე გაფორმებული კონტრაქტებით გათვალისწინებული იარაღის მიწოდება, ირანში მიმდინარე ომის გამო, შეფერხდება.

„როიტერის“ ცნობით, ეს, ძირითადად, ბალტიისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს შეეხებათ. შეფერხდება იმ იარაღის მიწოდება, რომელიც ევროპულმა ქვეყნებმა „საერთაშორისო სამხედრო გაყიდვების“ (International Military Sales) პროგრამის ფარგლებში შეიძინეს.

ამ დროისთვის თეთრი სახლიდან ან პენტაგონიდან კომენტარი არ გაკეთებულა. აშშ-ის საარტილერიო სისტემებისა და საბრძოლო მასალის მარაგი საგრძნობლად არის შემცირებული, განსაკუთრებით - ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ, სადაც „პეტრიოტის“ სისტემებისთვის საზენიტო რაკეტები გამოიყენება.

შეფერხება, სავარაუდოდ, ასევე შეეხება უკრაინას, რომელიც, რუსული დრონებისა და რაკეტებისგან თავის დასაცავად, აშშ-ის სისტემებზეა დამოკიდებული.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი, იულია სვირიდენკო: „ვიმედოვნებთ, რომ ის, რაც უნგრეთში მოხდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის დაწესებასა და 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მიღებაში დაგვეხმარება. ეს ასევე ხელს შეუწყობს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას, რომელიც ჩვენთვის შეუქცევადი პროცესია. უკრაინელები გრძნობენ, რომ ევროპული თანამეგობრობის ნაწილს წარმოადგენენ და იქ ყოფნას იმსახურებენ. ასე რომ, ახლა ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებული გზით სვლის დროა“.

წყარო: 1 არხი