მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, მკვლევრები ისე ახლოს არიან რევოლუციური უნივერსალური თირკმლის შექმნასთან, ვიდრე ოდესმე — თირკმლის გადანერგვა განსხვავებული სისხლის ჯგუფის დონორისგან იქნება შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს ლოდინის დროს, რომ აღარაფერი ვთქვათ, მრავალი სიცოცხლის გადარჩენაზე… ამ ამბის ავტორები კი კანადისა და ჩინეთის პროფესიონალებისგან შექმნილი გუნდია, რომელთა თეორიითაც უნივერსალური თირკმელი ნებისმიერ პაციენტს შეიძლება, გადაუნერგონ.
ცდაც წარმატებული იყო — სატესტო ორგანო რამდენიმე დღე ფუნქციონირებდა „ტვინგათიშული“ ადამიანის სხეულში, რომლის ოჯახიც მის კვლევაში ჩართვას დათანხმდა.
„ეს პირველი შემთხვევაა, როცა ვნახეთ, რომ იგი ადამიანში მუშაობს, რაც ღირებულ ინსაითებს გვაწვდის იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია გრძელვადიანი შედეგების გაუმჯობესება“, — განმარტავს სტიფენ უითერსი, ბიოქიმიკოსი.
დღეს O ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს უწევთ ლოდინი მანამ, სანამ ამავე ჯგუფის სისხლის მქონე დონორის თირკმელი ხელმისაწვდომი გახდება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ O ჯგუფის თირკმელები სხვა სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანებშიც ფუნქციონირებს, იგი დეფიციტურია.
მართალია, ამჯერად სხვადასხვა სისხლის ჯგუფის თირკმლის გადანერგვა შესაძლებელია ისე, რომ რეციპიენტის ორგანიზმმა არ უარყოს იგი, მაგრამ ეს პროცესი საკმაოდ შორს არის იდეალურისგან და არცთუ ისე პრაქტიკულია – ბევრი დრო სჭირდება, ძვირი და რისკისშემცველია, დონორიც რაღაც პერიოდის მანძილზე უნდა იყოს ცოცხალი, რადგანაც რეციპიენტს მომზადებისთვის დრო სჭირდება…
ამიტომაც ახლა მკვლევრებმა ეფექტურად გადააკეთეს A ტიპის თირკმელი O ტიპის თირკმლად, სპეციალური, ადრე იდენტიფიცირებული ფერმენტების გამოყენებით, რომლებიც A ჯგუფის სისხლის მარკერებს, ანუ შაქრის მოლეკულებს აშორებენ მას. შემდგომ ფერმენტები ერთმანეთს მოლეკულურ დონეზე შეადარეს და ნახეს, რომ A ტიპის ანტიგენური ჯაჭვების ნაწილის მოჭრით, ისინი შეიძლება გადაიქცეს ABO ანტიგენისგან თავისუფალი სტატუსის მქონედ, რაც უკვე O ჯგუფის სისხლს ახასიათებს — „ამის შემდეგ იმუნური სისტემა ორგანოს უცხო სხეულად აღარ აღიქვამს“.
მიუხედავად ამისა, ცოცხალ ადამიანში კლინიკური კვლევების დაწყებამდე ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა წინ. გადანერგილ თირკმელში მესამე დღეს კვლავ გამოვლინდა A ჯგუფის სისხლის ნიშნები, რასაც იმუნური პასუხი მოჰყვა. თუმცა აღნიშნული მოსალოდნელზე ნაკლები სიმძიმის იყო და არსებობდა ინდიკატორები იმისა, რომ სხეული თირკმლის მიღებას ცდილობდა…
სტატისტიკაც საკმაოდ მძიმეა — მხოლოდ ამერიკაში ყოველდღიურად თირკმლის გადანერგვის მომლოდინეთა რიგებში მყოფი 11 ადამიანი კვდება, მათი უმეტესობა კი O ჯგუფის თირკმელს საჭიროებს. სწორედ ამ პრობლემასთან გამკლავებას ცდილობენ მეცნიერები მრავალი წელია. ახლა კი ე. წ. უნივერსალური თირკმლის ადამიანში წარმატებული ტესტირების შემდეგ, დიდი იმედი არსებობს, რომ მალე სტატისტიკა სასიკეთოდ შემობრუნდება.
„სწორედ ასე გამოიყურება ყველაფერი, როცა წლების მანძილზე მიღებული საბაზისო მეცნიერება პაციენტს უკავშირდება. ჩვენი აღმოჩენების გავლენის რეალურ სამყაროში დანახვა არის ის, რაც გვაძლევს წინსვლის საშუალებას“.